მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ჟურნალისტები, რომლებმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსთან, კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
მათი თქმით, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას, რომელიც ამ უწყებამ უნდა გამოიძიოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს.
„11:00 საათზე მზია ამაღლობელის კოლეგები მთავრობის ადმინისტრაციასთან მოვედით. „ქართული ოცნების” მთავრობის სხდომის პარალელურად გვინდოდა, გაგვეგონებინა ჩვენი ხმა და მოთხოვნები. ჩვენ ვითხოვთ, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. 15:00 საათზე საია-ში გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოება მზია ამაღლობელის შესახებ გაიგებს ახალ დეტალებს. 17:00 საათზე კი მზიას კოლეგები, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მივალთ და კოკა კაციტაძესთან შეხვედრას მოვითხოვთ, რადგან ჩვენ მოვითხოვთ სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ მზიას მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს საქმე გამოუძიებელი ვერ დარჩება! თავისუფლება მზია ამაღლობელს!” – განაცხადა „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა ლიკა ზაკაშვილმა.