მთავრობის გუნდის განწყობა და ჩვენი მოლოდინები არის ის, რომ პოლიტიკური ვითარება უნდა განიმუხტოს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, – ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კითხვას, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვლება, რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, მთავრობა უარყოფით სცენარსაც უშვებს, თუმცა მოლოდინი აქვს, რომ ეკონომიკური ზრდა მაინც იქნება.
„ჩვენი საბაზო სცენარი, იცით, თქვენ, ეს არის 6%-იანი ზრდა. ჩვენ გვაქვს გარკვეული უარყოფითი სცენარიც, რომელიც საბაზო სცენარიდან მცირე გადახვევას გულისხმობს, ეს არის 2.7%-2.9 %, ანუ მაინც გვექნება 3%-ზე მაღალი ზრდა. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური სცენარიც, რომელიც 6%-ზე უფრო მაღალ ზრდას მოიაზრებს თავის თავში. ღიად გეუბნებით და ყოველთვის ღიად ვსაუბრობ, რომ ჩვენ სხვადასხვა სცენარს ვიხილავთ, მათ შორის უარყოფითსაც, თუმცა, ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ საბაზო სცენარის გარშემო გვექნება ეკონომიკური ზრდა. მათ შორის ამაზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობთ, რომ მთავრობის გუნდის განწყობა და ჩვენი მოლოდინები არის ის,რომ პოლიტიკური ვითარება უნდა განიმუხტოს, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე. ბევრი რამ შეიცვლება და ეს ყველაფერი შეიძლება გადაითარგმნოს უფრო დადებით, პოზიტიურ სცენარში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი შემართებით ვაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
კითხვაზე, თუ რას აკეთებს მთავრობა პოლიტიკური ვითარების განსამუხტად, ლევან დავითაშვილმა განმარტა, რომ ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების თაობაზე საზოგადოების ნაწილის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
„შიდა პროცესებზე პირდაპირ მოქმედებს საერთაშორისო პროცესები. საერთაშორისო მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება ჩვენს სტრატეგიულ და მნიშვნელოვან პარტნიორებთან ურთიერთობა, ეს უნდა იყოს ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ მათ შორის, ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზეც ზემოქმედება მოხდეს. მე არ შევალ დისკუსიაში და არ დავიწყებ იმ მოთხოვნების შეფასებას, თუმცა ამის თაობაზე ჩემი პოზიცია ძალიან გასაგებია. დღეს როგორ შეიძლება ვსაუბრობდეთ რაიმე ტიპის არჩევნებზე, არჩევნები ჩატარდა, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მუშაობა თავის რეჟიმში. უნდა გაგრძელოს იმ ამოცანების შესრულება, რაც თითოეული ადამიანისთვის, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება დემოკრატიულ პროცესს, ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მიმდინარე წელს ადგილობრივი არჩევნები გვექნება და თუ რაიმე კითხვა არსებობს ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით, ეს ძალიან მარტივად შეიძლება მიმდინარე წელს ისედაც გაირკვეს. საფუძველს მოკლებული და ზედაპირულიც მგონია ასეთი მოთხოვნების დაყენება. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ უფრო მეტად ორიენტირება გავაკეთოთ დღეს იმ მიმდინარე ამოცანების შესრულებაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური სტაბილურობა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას ბიზნესთან დიალოგი მუდმივად ექნება.
„დარწმუნებული ვარ, ძირითადად, ბიზნესი რაციონალურად აღიქვამს ჩვენს პოზიციას და რაციონალური პოზიცია ექნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
გარდა ამისა, ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტიციები კვლავ ხორციელდება, თუმცა ამაზე ინვესტორები ბულინგის გამო არ საუბრობენ. როგორც დავითაშვილმა განაცხადა, როდესაც ოპოზიცია ბიზნესს საბოტაჟისკენ მოუწოდებს, საერთაშორისო ინვესტორები “კიდევ ურო ფაქიზად და ფრთხილად იქცევიან”.
“დღეს, სამწუხაროდ, იმდენად მიდის ბულინგი, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიები თავს იკავებენ საჯარო კომუნიკაციისგან, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები. იმედი მაქვს, ეს მალე გადაივლის, რადგან ეს აბსოლუტურად არასწორი, არაკორექტული და სამწუხაროდ, მიზანმიმართულია. „ბუნებრივია, მუშაობენ ინვესტიციებზე. მიდის პროცესი, საინვესტიციო პროექტების გადაწყვეტა და განხორციელება, მაგრამ მათთვის უხერხულობას ქმნის ეს, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. პირდაპირ გეტყვით, ენერგეტიკის სექტორში 200-300 მილიონ დოლარიანი ინვესტიციებია, რომელიც შეუფერხებლად ხორციელდება, ეს არის საერთაშორისო ინვესტიციები და ამ კომპანიებს ეუხერხულებათ საჯარო კომუნიკაცია, აფიშირება იქიდან გამომდინარე, რა ბულინგიც არის. როდესაც ოპოზიცია მოუწოდებს ბიზნესს საბოტაჟისკენ, თავისი საქმიანობის შეჩერებისკენ, კიდევ ურო ფაქიზად და ფრთხილად იქცევიან საერთაშორისო ინვესტორები, ვიდრე ადგილობრივები. მათთვის ეს გარემო მეტად უცხოა, ვიდრე ჩვენთვის. ასევე, სერიოზული კომპანიებისთვის გადაწყვეტილებები არის გრძელვადიანი, ეს პროექტები არის 10,15, 20-წლიანი, აქედან გამომდინარე 1-2 თვიანი უხერხულობები, პოლიტიკური პრობლემები და გამოწვევები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე არ… [იმოქმედებს]“,- განაცხადა დავითაშვილმა.