ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – 613 შეწყალებული პატიმარი არა თუ ბევრი, არამედ ცოტაა, პროცესი უნდა გაგრძელდეს – საუბარია პატიმართა 6-7%-ზე

613 შეწყალებული პატიმარი არა თუ ბევრი, არამედ ცოტაა, რადგან საუბარია პატიმართა 6-7%-ზე – ვთვლით, რომ ეს საკმარისი არ არის და პროცესი უნდა გაგრძელდეს, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა 19 იანვარს გამოცხადებულ შეწყალებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საფუძველზეც, ს ხელმოწერით 613 პატიმარს შეწყალება შეეხო.
მახაშვილის ცნობით, „შეწყალება ძირითადად მსუბუქი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხო“.
მისივე განცხადებით, ყაველაშვილმა შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა: თუ როგორი იყო შესაწყალებელ პატიმართა ქცევა, რამდენად მძიმე იყო მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, ხომ არ ირღვეოდა მათი შეწყალებით დაზარალებულის უფლებები და ხომ არ შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შექმნოდა საფრთხე.
„ზოგადად, შეწყალების პროცესი პატიმართა წერილებით, პატიმართა განცხადებებით იწყება, რომ ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ და აქვთ შეწყალების სურვილი. შეწყალების პროცესი სწორედ ასე იწყება და არა იმგვარად, რომ თითქოს ვინმეს მიერ ობიექტურად თუ სუბიექტურად პატიმართა შერჩევა ხდება.
613 არა თუ ბევრი, არამედ ცოტაა, რადგან საუბარია პატიმართა 6-7%-ზე და ევროპული სტანდარტის გათვალისწინებით, პატიმართა რაოდენობა კვლავაც მაღალია.
როდესაც შეწყალების პროცესი დასრულდება და ეს ადამიანები გათავისუფლდებიან, დაახლოებით 8 500 პატიმარი გვეყოლება, რაც ძალიან მაღალია. მეტსაც გეტყვით, მომავალშიც გაგრძელდება იმაზე ზრუნვა და მუშაობა, რომ საპატიმრო დაწესებულებები სხვადასხვა ფორმით უფრო მეტმა პატიმარმა დატოვოს, ოღონდ გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
მრავალი წელია, რაც საქართველოში მასშტაბური შეწყალება არ განხორციელებულა. სამწუხაროდ, ეს ინსტრუმენტი წინა პრეზიდენტმა ინდივიდუალურ მექანიზმად აქცია, როცა რამდენიმე პატიმარი საკუთარი მეგობრებისა და ნაცნობების თხოვნის საფუძველზე შეიწყალა. ეს დასრულდა – შეწყალება ობიექტურ პროცესში მოექცევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაცია საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ყაველაშვილის ინფორმაციით, შეწყალება ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მოხდა და ის ჰუმანიზმის პრინციპს ეფუძნება.