დღეს, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვაშინგტონია, სადაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მეორედ გაიმართება. ტრამპის ოფიციალურად გაპრეზიდენტების შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების ტრაექტორიას ელოდება მთელი მსოფლიო. მათ შორის, საქართველოც, რომლის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებაც, დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული.
ინაუგურაცია ცივი ამინდის გამო კაპიტოლიუმის, აშშ-ს კონგრესის შენობის, როტონდაში ჩატარდება.
ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის თქმით, ბრძანება გასცა, რომ საინაუგურაციო მიმართვა და სხვა სიტყვები წარმოითქვას და ლოცვები ჩატარდეს კაპიტოლიუმის შიგნით. ტრამპმა აღნიშნა, რომ 1985 წელს რონალდ რეიგანის ინაუგურაციის ღონისძიება ასევე სიცივის გამო მსგავსადვე კაპიტოლიუმის როტონდაში ჩატარდა.
ტრამპის ინაუგურაციას რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით დაესწრება, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ინაუგურაციაზე დასწრების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრებიან თავად და ბადრი ჯაფარიძე.
ვაშინგტონში იმყოფებიან “ფედერალისტები” თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერიაც.
ასევე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება.
გარდა პოლიტიკოსებისა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე დაესწრება.
“ვიმყოფები ვაშინგტონში რომ დავესწრო დონალდ ტრამპის ინაუგურაციას და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე ღონისძიებას. აქ ვიმყოფები ბიზნეს წრეების მოწვევით” – დაწერა მან.
ინაუგურაციაზე არ არის მიწვეული “ქართული ოცნების” არც ერთი ლიდერი და წარმომადგენელი.
“პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას ესწრება 220 000 ადამიანი – ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები – კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ”, – ასე გამოეხმაურა ამბავს “ოცნების” პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.