კომპანია “არსის” დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი ამბობს, რომ თუკი უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შესუსტების ტენდენცია გაგრძელდება, ბაზარი მიწოდებას შეამცირებს. როგორც როსოტმაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, კომპანიებს ფასის კლების რესურსი არ აქვთ და ამ მხრივ მომხმარებლების მოლოდინები არასწორ გათვლებს ემყარება.
„კომპანიები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც გამოვლილი გვაქვს 2008 წელი და ბევრი რამ, ცხადია შევამცირებთ მიწოდებას. გამორიცხულია, რომ ჩვენ მეტი ვაკეთოთ და არ გვქონდეს ბაზარზე შესაბამისი გათვლები. მაშინ როცა მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი ვიყავი, ბანკებს ვუგზავნიდი წერილებს, რომ ასე პირდაპირ, ზერელედ ნუ აძლევდნენ ყველას სესხს. ყველა პატარა დეველოპერულ კომპანიაში ნარინჯისფერი და ცისფერი ტუმბო იდგა და ნებისმიერ ქუჩიდან შესულს აძლევდნენ კრედიტს. გახსოვთ, როგორი ყიდვა მიდიოდა და ამან, საბოლოოდ, რა ტიპის ჩაშლა გამოიწვია.
დღეს თქვენს კითხვაზე შემცირდება თუ არა ფასი, პასუხია – არა, შემცირდება მიწოდება. ეს ფასი რაც დღეს არის, არის ის, რაზე დაკლების რესურსიც არ არსებობს. თუ რაღაცების გამო თვითღირებულება კიდევ გაძვირდება ან არ გავაკეთებ, ან იმ ფასად გავყიდი, რაც ჩემთვის ღირებულია.“ – განაცხადა როსტომაშვილმა.