“ამ ტიპის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი რეალური საშუალება ახალი არჩევნებია” – ლალაზაშვილი

BDO-ს მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო სხვადასხვა სექტორში შემოსავლების კლება უკვე ფიქსირდება. როგორც მან Bmg-სთან ინტერვიუსას განაცხადა, კლება განსაკუთრებით ისეთ სფეროებში შეინიშნება, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტს ან მომსახურებას არ აწარმოებენ.
“კლება შეინიშნება განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც უფრო მეტად არის ეკონომიკის მამოძრავებელი, უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული სექტორები, ვაჭრობა თუ მომსახურება… ასევე სხვა სექტორებში… რაც აუცილებელი მოხმარების არ არის, უფრო მეტად შეიგრძნობა კლება, რასაც ტურიზმის სექტორშიც ვუყურებთ. მოხმარების კლება ეკონომიკას ანელებს, ტურიზმის შემცირება კი დამატებით უცხოური ვალუტის შემოდინებაზე ახდენს გავლენას და ეს ყველაფერი თუ გაგრძელდა, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს აუცილებლად მიგვიყვანს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისამდე და, საბოლოო ჯამში, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს, ძალიან რთული სათქმელია”, – ამბობს ლალაზაშვილი.
მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი კვლავ იმ მოთხოვნის შესრულებაა, რაც Freebusiness.ge-ს ხელმომწერმა კომპანიებმა განსაზღვრეს.
“ყველა ტიპის კრიზისს სჭირდება განმუხტვა. როცა ჩვენ Freebusiness-ს შევუერთდით, განმუხტვის ერთადერთ საშუალებად ახალი მიგვაჩნდა და არ მოგვისმენია ალტერნატიული აზრი არავისგან, რა შეიძლება იყოს ასეთი ტიპის კრიზისის განსამუხტად. ასეთი ტიპის შეხვედრები ეხმარება ალტერნატიული აზრის გაჩენის შესაძლებლობას, თუმცა, ჩემი პირადი აზრი რჩება ისევ ის, რომ ამ ტიპის კრიზისის განმუხტვის ერთადერთი რეალური საშუალება არის არჩევნები”, – ამბობს ლალაზაშვილი.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებული ფონი შენარჩუნდება, ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, ეს გავლენას მოახდენს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ ბიზნესზე, რომელსაც უცხოურ ვალუტაში აღებული ფინანსური ვალდებულებების გადახდაც კი შეიძლება გაუჭირდეს.
“გამოწვევები, როდესაც ეკონომიკა მცირდება, შეიძლება იყოს, მათ შორის ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებული რისკები – ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ბიზნესზე უარყოფით გავლენას ახდენს. პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლადი ამის მიმართ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესები არიან, ვინაიდან მათ არანაირი რეზერვი არ აქვთ დაგროვილი, რომ თუნდაც ერთი ან ორი თვე გაუძლონ შემოსავლის კლებას; და როდესაც ბიზნესი დაიკეტება და გაჩერდება, მის ხელახლა ამუშავებას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი.
თუმცა თუ ამ ტენდენციით წავიდა ყველაფერი, მსხვილი ბიზნესისთვისაც დიდი გამოწვევა იქნება, იმიტომ რომ უამრავ მათგანს აქვს ვალდებულებები უცხოურ ვალუტაში აღებული და ამის გადახდის რესურსის პრობლემა შეიძლება დაუდგეთ მათ, შეიძლება ცოტა უფრო მოგვიანებით, მაგრამ თუ ასე წავედით, გარდაუვალი იქნება”, – აცხადებს BDO-ს მმართველი პარტნიორი.