სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სადაც ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზეა მიწვეული, ამერიკულ ტელეარხს, FOX NEWS-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ტრამპთან, მისი მომავალი კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შედეგებზე, საქართველოს მნიშვნელობაზე აშშ-სთვის, საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროევროპულ პროტესტზე, აშშ-ის მიმართ ქართველი ხალხის მოლოდინებზე ისაუბრა.
დასავლური სამყაროსთვის საქართველო შეიძლება იქცეს დიდ წარმატებადაც და დიდ პრობლემადაც კავკასიაში და ამათგან რომელი გახდება, ესაა ის კითხვა, რასაც უნდა უპასუხოს აშშ-მა.
„საქართველო ხვალ შეიძლება იქცეს წარმატების მაგალითად ამერიკისთვის, ან შეიძლება იქცეს დიდ პრობლემად კავკასიის ამ რეგიონში, რომელზე დომინირებასაც რუსეთი ყოველთვის ცდილობდა. ამას ცდილობდა რუსეთის იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი და დღევანდელი რუსეთიც ამას ცდილობს. რუსეთი საქართველოსთან ახალ სტრატეგიას ცდის. იმავეს აკეთებს რუმინეთშიც, მოლდოვაშიც და სხვა ქვეყნებშიც. ეს ახალი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ გადაიბიროს ეს ქვეყნები გაყალბებული არჩევნების მეშვეობით და მარიონეტული რეჟიმების დასმით, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია არა დემოკრატია და კონსტიტუცია, არამედ მხოლოდ ერთგული რეჟიმის არსებობა ქვეყანაში. ეს იქნება კითხვა აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციისთვის. რა თქმა უნდა, ამერიკა 30 წლის განმავლობაში საქართველოს გვერდით იდგა. საქართველო იყო ამერიკული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი მიმღები, რადგან ის წარმოადგენს სტრატეგიულ ინტერესს — ენერგეტიკული მარშრუტების, სავაჭრო მარშრუტების, ცენტრალური აზიისკენ მიმავალი გზის თვალსაზრისით. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად იყო დემოკრატიის და საერთო ღირებულებების გუშაგი. საქართველო არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო სომხეთთან ერთად, რაც ძალიან მჭიდროდ გვაკავშირებს ერთმანეთთან. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის გუშაგები ამ რეგიონში. ჩვენ გვჭირდება ამერიკა, მაგრამ მე ვფიქრობ, ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკული ტელეარხის ეთერში.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩინეთის გზას ადგას დასავლური სამყაროსგან ზურგშექცევის ფონზე, ამერიკისთვის და ევროპისთვის ნიშნავს სტრატეგიული ინტერესების დაკარგვის საფრთხეს კავკასიის რეგიონში, შავ ზღვაზე.
სალომე ზურაბიშვილმა გაიხსენა ტრამპთან საუბარი მასთან შეხვედრისას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის ხელშეწყობით შედგა.
„ხალხი ქუჩაშია 53 დღეა და აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ეს მთავრობა, რომელსაც არ აქვს მანდატი და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, ცდილობს საქართველო ჩამოაშოროს მის ევროატლანტიკურ გზას. სწორედ აქ გვჭირდება ამერიკის მხარდაჭერა. მაშინდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, ხვალინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, რომ ის ნამყოფია საქართველოში, აფასებს საქართველოს მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძლიერი მოკავშირე საქართველოსთვის, როცა საქართველოს ეს სჭირდება, როცა საქართველო თქვენი, ამერიკელების გონებაში უნდა იყოს“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
FOX NEWS-ის კითხვაზე, თუ რას ურჩევდა სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს, როდესაც ამ უკანასკნელის ინიციატივით ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი შედგება, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპმა პუტინს უნდა მოუწოდოს, ხელი აიღოს საქართველოზე.
„ხელი აიღოს საქართველოზე, ხელი აიღოს კავკასიაზე, რადგან ეს დასავლური ქვეყნების ინტერესია. ეს არ შეიძლება კვლავ გახდეს რუსეთის მიერ დომინირებული რეგიონი. ეს უნდა იყოს რეგიონი, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად, ისტორიულად, საუკუნეების განმავლობაში იყო სხვადასხვა ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილი; ადგილი, სადაც ევროპული ღირებულებები ყოველთვის ცენტრალურ ადგილს იკავებდა. ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, სურს იყოს იმ ღირებულებების, თანამეგობრობის ნაწილი, რომელსაც ევროპა და შეერთებული შტატები წარმოადგენენ. ასე რომ, [პუტინმა] ხელი აიღოს საქართველოზე“, — ასეთია სალომე ზურაბიშვილის ხედვა იმის თაობაზე, რა უნდა მოუწოდოს ტრამპმა პუტინს, როდესაც მათ შორის საუბარი შედგება.
„საქართველო თქვენზე იმედებს ამყარებს“, — მიმართა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის მომავალ მთავრობასა და ხალხს.