2024 წელს „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 46,4% აფხაზეთის ოკუპირებულმა რეგიონმა მოიხმარა. ამის შესახებ, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
კერძოდ, გასულ წელს „ენგურჰესმა“ და „ვარდნილჰესმა“ ჯამში, 4.081.173 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აქედან შპს „ენგურჰესმა“ – 3.373.650 მლნ კვტ/სთ; ხოლო „ვარდნილჰესმა“ – 707.523 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. აფხაზეთისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ კი საანგარიშო პერიოდში 1.893.462 მლნ კვტ/სთ შეადგინა. მთლიანად შარშან აფხაზეთმა 2.552.715 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, საიდანაც 659.253 მლნ კვტ/სთ საათი იმპორტით რუსეთიდან მიიღო.
ცნობისათვის,აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების მთავარი წყაროები ენგურის და ვარდნილის ჰესები, ასევე რუსეთიდან იმპორტია. 1997 წელს ზეპირი შეთანხმების შედეგად, „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესების“ (გალის ტერიტორიაზე) კასკადის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 40% აფხაზეთს მიაქვს, 60% კი – საქართველოს დანარჩენ რეგიონებს. თუმცა, მიწოდებული ელექტროენერგია, ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების კრიზისის გამო, ამ ნიშნულს ხშირად აჭარბებს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ 2024 წლის ბოლოდან დღემდე აფხაზეთის ენერგოსექტორი განსაკუთრებულ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. „ენგურჰესზე“ შემცირებული წყლის ნაკადის გამო, ოკუპირებული რეგიონი იძულებულია, რომ ელექტროენერგია დამატებით რუსეთიდან მიიღოს.
დე ფაქტო პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბას ინფორმაციით, ენგურჰესი ამჟამად დღე-ღამეში 1,7 მლნ კვტ/სთ-ს აწარმოებს, რაც მთლიანი მოხმარების მეშვიდედს შეადგენს, ხოლო აცივების შემთხვევაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ბგანბას თქმით, ნოემბერ-დეკემბერში ე.წ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის შესაძენად, დაახლოებით, 600 მლნ რუბლი (5,8 მლნ დოლარი) გამოიყო და თუ ასე გაგრძელდა, აფხაზეთის „ბიუჯეტი“ დატვირთვას ვერ გაუძლებს.
„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორის, თემურ ჯინჯოლიას თქმით კი, რუსეთიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადი 327 მლნ კვტ/სთ-ს შეადგენს. თუმცა დეფიციტი კიდევ 170 მლნ კვტ.სთ-ია. მისივე თქმით, რუსეთიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდება, მოქმედი ექვსსაათიანი გათიშვის გრაფიკის გათვალისწინებით, საკმარისი მხოლოდ 18 თებერვლამდე იქნება.
წყარო: bpn.ge