ზუგდიდის სასამართლომ აქციის მონაწილეები ფეიერვერკის გამოყენებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები, პარტია „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა და სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევებად მიიჩნია და დააჯარიმა.
მოსამართლემ ისინი სამართალდამრღვევებად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-პირველი პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა დაჯარიმდნენ 5000-5000 ლარით.
მოსამართლე ფატი ფურცხვანიძემ აქტივისტები გაამართლა მათთვის წაყენებულ კიდევ ერთ მუხლში – ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილში, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მან ასევე განაცხადა, რომ ითვალისწინებს მარიამ სიჭინავას ოჯახურ მდგომარეობას და ის გაათავისუფლა საპატიმრო სასჯელისგან.
„თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „უსამართლო სასამართლო“, – ამ შეძახილებით შეხვდნენ აქციის მონაწილეების დაჯარიმებას აქტივისტები სასამართლოსთან.
სხდომაზე მხარეებმა შეისწავლეს ვიდეომტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას 16 იანვარს, დაკავებისას პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.
გამოიკითხა ოთხი პოლიციელი, რომლებიც მონაწილეობდნენ აქტივისტების დაკავებაში. სხდომის მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტების ცნობით, საპროტესტო აქციაზე სიჭინავა და ესებუა მივიდნენ პოლიციელებთან და ჰკითხეს: „რა მოხდება, თუ ისინი გაისვრიან პიროტექნიკას“.
საპასუხოდ განემარტათ, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეკრებებსა და მანიფესტაციებზე არ შეიძლება პიროტექნიკის გამოყენება.
-ს იურისტების და ასევე გამოკითხული პოლიციელების თქმით, სამართალდამცავების მოთხოვნა არ გაითვალისწინეს მარიამ სიჭინავამ და კერენ ესებუამ – მათ მალევე მოიტანეს ფეიერვერკი და გაისროლეს; ასევე არ დაემორჩილნენ პოლიციელების მოთხოვნას და სამართალდამცავებს დაკავებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ეს განმარტებები უარყვეს დაკავებულებმა. მარიამ სიჭინავას განცხადებით, ისინი არ მისულან პოლიციელებთან და არანაირი დიალოგი არ ჰქონიათ მათთან.
მისი სიტყვებით, მან მშვიდად ჩაიარა პოლიციელებთან ფეიერვერკით ხელში, რაზეც სამართალდამცავების მხრიდან რეაქცია არ ყოფილა; ასევე, აღნიშნა, რომ თავად კერენ ესებუასთან სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ ვიდეოკლიპის გადასაღებად მივიდა და არა აქციაზე.
„კერენი იღებდა კლიპს, რადგან არის მუსიკოსი და კლიპისთვის პატარა პერფორმანსის მოწყობას ვგეგმავდით“, – თქვა მარიამ სიჭინავამ.
კერენ ესებუას თქმით, იმ დროისთვის აქცია დაწყებული არ იყო, ამიტომ ფეიერვერკის გასროლა არ მომხდარა შეკრებაზე.
„სანამ გავისვრიდი, პოლიციას რეაქცია არ ჰქონია. იდგნენ უძრავად და უსიტყვოდ. კარგა ხანი არ წაეკიდა ჩემს ფეიერვერკს და ამ ხნის მანძილზეც არავინ მოსულა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოვიდნენ. ჩვენ ნელა და აუღელვებლად ჩავსხედით მანქანაში და წინააღმდეგობა არ გაგვიწევია… მანქანაში ვიკითხე, რისთვის დაგვაკავეს?… ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, თქვენ თუ მაგრები იყავით, უფრო გვიან რატომ არ გაისროლეთო“, – განმარტა სხდომაზე კერენ ესებუამ.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა 16 იანვარს დააკავეს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, სადაც აქციები ტარდება. ისინი დააკავეს მას შემდეგ, რაც ფეიერვერკი გაისროლეს.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა „შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევის“ ბრალდებით არაერთხელ უკვე იყვნენ დაჯარიმებულები.
კერძოდ, სიჭინავა ჯამში 5000 ლარით დაჯარიმდა აქციაზე ფეიერვერკის გამოყენების ორი და „სახის დამფარავი საშუალების“, ე.წ. ბალაკლავის ტარების ექვსი შემთხვევისთვის. კერენ ესებუა კი ასევე ბალაკლავის ტარების სამი შემთხვევისთვის, ჯამში 2000 ლარით დააჯარიმეს.
კერენ ესებუასგან განსხვავებით, „დროას“ წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა უკვე მეორედ არის დაკავებული.
ის პოლიციამ ასევე პიროტექნიკის გამოყენებისთვის 13 იანვარს დააკავა. 15 იანვარს გამართულ სხდომაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, მართალია, სამართალდამრღვევად მიიჩნია, მაგრამ გაითვალისწინა, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, არის მარტოხელა დედა და გაათავისუფლა საპატიმრო სასჯელისგან.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების შემდეგ, პიროტექნიკის და სახის დამფარავი საშუალების აქციაზე გამოყენებისთვის მოქალაქეთა დაჯარიმების პირველი შემთხვევები ზუგდიდში დაფიქსირდა. საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკის გამოყენებისთვის 17 იანვარს 5000 ლარით დააჯარიმეს მასწავლებელი მანანა მიქავა. 14 იანვარს კი ასევე ზუგდიდის სასამართლომ „სახის დამფარავი საშუალების“, ე.წ. ბალაკლავის ტარების გამო 2000 ლარით დააჯარიმა სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა.
პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეები არ აღიარებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც, მათი თქმით, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს. საუბარია აქციებზე სახის დაფარვისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვაზე.
კანონში შესულ ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებას მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტად ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. ყაველაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობენ , ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.
თვეზე მეტია, საქართველოში გრძელდება პროევროპული აქციები. ამ აქციებზე პოლიციამ იძალადა ათეულობით მოქალაქესა და ჟურნალისტზე. მათ შორის არაერთს მძიმე დაზიანებების გამო კლინიკაში დასჭირდა გადაყვანა.