თავდასხმა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერზე საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე პოლიტიკური დევნის და ანგარიშსწორების ტიპიური მაგალითია და ადასტურებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის მართვას “ტიტუშკების” დახმარებით ძალადობრივი მეთოდებით ცდილობს,- ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.
მათივე შეფასებით, შსს-ს გულგრილობა და უმოქმედობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ თავდასხმა წახალისებულია „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
“დღეს, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერზე, საბა ბუაძეზე და საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, რამაზ მანდარიაზე, რაიონულ ოფისთან, დაუდგენელი პირების, ე.წ ტიტუშკების მიერ, შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
შენობიდან გამოსულ საბა ბუაძეს, რამაზ მანდარიას და ორგანიზაციის წევრებს ცივი იარაღით და ქვებით შეიარაღებული რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასა სხეულის დაზიანების მცდელობას.
ადგილზე მისულ პოლიციას, ამ დრომდე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია, ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა, პოლიციას არ ამოუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე “ძლიერი საქართველოს” საბურთალოს შტაბში ინახება. ასევე, არ გამოკითხულა დაზარალებული მხარე, პარტიის წევრები, რომლებიც ასევე იყვნენ თავდამსხმელების სამიზნეები და თვითმხილველები. ამ დრომდე არ ამოღებულა გარე მეთვალყურეობის კამერები.
აქვე, აღვნიშნავთ, რომ თავდამსხმელების იდენტიფიცირება ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში მარტივად შესაძლებელია.
შსს-ს გულგრილობა და უმოქმედობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ თავდასხმა წახალისებულია “ქართული ოცნების” ძალადობრივი ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ეს არის პოლიტიკური დევნის ტიპიური მაგალითი.
ვაფრთხილებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს – ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ ერთი სამხილი იქნება მათ წინააღმდეგ!“, – ნათქვამია განცხადებაში.