„პარიკების ოთახი“ რომელიც ქართულ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, წელს პირველ მასშტაბურ ექსპორტს გერმანიაში გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა გვანცა ინასარიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
მისივე ცნობით, მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე კომპანია ამჟამად აწარმოებს, ამიტომ გეგმებში გაფართოება შედის.
„გერმანიაში მოქმედ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკებები. გავდივართ დეტალებს როგორიცაა ფასი, ვადები, რაოდენობა და ა.შ. მათ უფრო დიდი რაოდენობა სჭირდებათ ვიდრე ჩვენ ვაწარმოებთ. ვფიქრობთ რა კუთხით შევუწყოთ ამ კომპანიას ხელი. ამიტომ, თუ მათთან თანამშრომლობას გადავწყვეტთ, კადრების დამატება მოგვიწევს. ახლა 20 ადამიანამდე ვასაქმებთ და დაახლოებით 10 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. ასევე ვგეგმავთ რაოდენობის გაზრდასაც. მათთვის 100 ერთეული საკმარისი არ არის. საუბარია 500 და 1000 ცალზე, რაც ჩვენთვის ცოტა დაბრკოლება იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებას შევძლებთ.
გარდა ამისა, პროდუქციას ყოველდღიურად ვაგზავნით სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტული მომხმარებლებისთვის. ანუ ემიგრანტი მომხმარებლები ძალიან ბევრი გვყავს“, – ამბობს ინასარიძე.
კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2024 წლის მეორე ნახევარი კრიზისული აღმოჩნდა. თუმცა, 2025 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო და ინასარიძის თქმით, მომხმარებლების რაოდენობასაც არ უჩივიან.
ის აღნიშნავს, რომ გარდა საექსპორტო ბაზრებისა, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები აქვთ როგორც თბილისის, ასევე ბათუმის სალონებთან, სადაც მათ პარიკებზე მოთხოვნა მაღალია.
„მოლაპარაკებები გვაქვს სალონებთან ბათუმში, ამასთან თბილისშიც ძალიან გაზრდილია სალონებისგან მოთხოვნა. მათ ჩვენთან თანამშრომლობა სურთ როგორც ქალბატონების ასევე მამაკაცების პარიკების მიმართულებით.
იქიდან გამომდინარე, რომ დღგ-ს გადამხდელები გავხდით, ფასების დაახლოებით 18%-იანი ზრდა გვაქვს. გარდა ამისა, ნედლეული, რომელსაც ვყიდულობთ არის ბუნებრივი თმა, რომლის ფასიც სხვა წლებთან შედარებით გაზრდილია. შესაბამისად, გაზრდილი თვითღირებულების ფონზე, ფასების კორექცია გვიწევს“, – განაცხადა გვანცა ინასარიძემ.
გარდა ამისა, „პარიკების ოთახმა“ მონაწილეობა საერთაშორისო მოდის კვირეულში მიიღო, რომელიც სამოდელო სააგენტო „კატრინმა“ ჩაატარა და მათი საშუალებით, კომპანიამ პარიკების მოდის ჩვენება გამართა. სავარაუდოდ, მალე კომპანია კიდევ ერთ მოდის კვირეულში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც იტალიაში უნდა გაიმართოს.