თემქის პოლიციასთან მშვიდობიან აქციაზე დემონსტრანტები სახის დაფარვის გამო დააკავეს

თბილისში, თემქის (ამჟამად ზღვისუბნის) პოლიციის შენობასთან მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე აქციის მონაწილეები დააკავეს – დაკავებები სახის ნიღბით ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ დაიწყო. სახის დაფარვა აქციებზე რამდენიმე კვირის წინ აიკრძალა „ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის VII სამმართველოსთან მყოფი პოლიციელები დემონსტრანტებს ეუბნებოდნენ, რომ აქციაზე აკრძალულია სახის დაფარვა.
„მე არ ვემორჩილები მაგ აკრძალვას“, – უთხრა მათ ერთ-ერთმა მონაწილემ, რის შემდეგაც პოლიციელებმა მისი დაკავება დაიწყეს, თუმცა აქციის სხვა მონაწილეები ამის საშუალებას არ აძლევდნენ.
ამის მიუხედავად, რამდენიმე წამში იგი, – კიდევ ერთ დემონსტრანტთან ერთად, – ძალის გამოყენებით დააკავეს.
დააკავეს აქციის სხვა მონაწილეებიც, მათ შორის ერთ-ერთს ასევე ეკეთა ნიღაბი, – რაოდენობა ჯერ დაუზუსტებელია.
პოლიციელების მიერ კარის მარჯვენა ფრთის გაღებისას კარის მინა ჩაიმსხვრა.
„სირცხვილია, გოგოები არიან“, – მოუწოდებდნენ პოლიციელებს აქციის მონაწილეები, თუმცა დემონსტრანტები მაინც დააკავეს.
ადგილზე ათობით პოლიციელი იყო.
დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე დემონსტრანტებთან პოლიციელები მივიდნენ დაჯარიმების მიზნით, რადგან სახეს ნიღბით იფარავდნენ. „მოხდება თქვენი დაჯარიმება“, – უთხრა მათ პოლიციელმა.
თუმცა, სოლიდარობის ნიშნად, პროტესტის სხვა მონაწილეებმაც დაიფარეს სახეები და დაიწყეს სკანდირება: „ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“.
ამის შემდეგ პოლიციელები უკან გაბრუნდნენ, რამდენიმე წუთში კი დაბრუნდნენ და დაკავებები დაიწყეს.
აქცია, ლოზუნგებით „ძირს პოლიციური რეჟიმი“, „ცეცხლი ოლიგარქიას“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – სარაჯიშვილის მეტროდან დაიწყო და მსვლელობა თემქის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებასთან მივიდა.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი