დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის ტულისა და კალუგის ოლქებში მდებარე ნავთობსაცავებს ხანძარი გაუჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ოლქების გუბერნატორები ავრცელებენ.
ტულის ოლქის გუბერნატორის, დიმიტრი მილაევის ცნობით, ხანძარი საწვავის ერთ-ერთ ავზს გაუჩნდა.
„დღეს ღამით ტულის ოლქს კიევის რეჟიმი თავს დაესხა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი ჩამოაგდო“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე.
დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციას კალუგის ოლქის გუბერნატორი, ვლადისლავ შაფშაც ავრცელებს.
„ქალაქ ლიუდინოვოში, დრონით თავდასხმის შედეგად, სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა“, – აცხადებს კალუგის ოლქის გუბერნატორი.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 46 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.