საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონისგან მიიღო. მსგავსი მიწვევა არავის მიუღია “ქარული ოცნებაში”. ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ დიპლომატს და საქართველოს მეგობარს, ჯონ ჰერბსტს “ატლანტიკური საბჭოდან” ვთხოვეთ აეხსნა რა გზავნილია ეს ოფიციალური თბილისისთვის.
ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. ვაშინგტონი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადება. ქალაქი მსოფლიოს ბევრ ლიდერს უმასპინძლებს, მათ შორის იქნება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამავდროულად, არავინაა მოწვეული მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან”. რა პოლიტიკური გზავნილია ეს?
ეს იმაზე მეტყველებს, რომ მომავალ ადმინისტრაციას, ისევე როგორც მიმავალ ადმინისტრაციას, ესმის, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დისკრედიტებულია.
სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე მიწვევა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გაუგზავნა. ის ხშირად საუბრობს საქართველოს მთავრობის არაღიარების მნიშვნელობაზე, როგორც ამერიკაში, ისე საერთაშორისო დონეზე. მან შესაბამისი აქტიც წარადგინა კონგრესში. თვლით თუ არა, რომ არაღიარებისთვის საკმარისი მიზეზები არსებობს და რომ ამერიკისა და ევროპის მთავრობები ამას დათანხმდებიან?
ვფიქრობ, ამის არსებითი საფუძველი არსებობს. კონგრესმენ უილსონს დიდ პატივს ვცემ. ასევე უნდა ვთქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას და ევროპის ბევრ მთავრობას ნელი რეაგირება ჰქონდა გასულ შემოდგომაზე, საქართველოს არჩევნებში სერიოზულ დარღვევებზე და არ გამოუთქვამს საბოლოო პოზიცია ამ არჩევნების შედეგებზე. მაგრამ, ისინი სერიოზულად აკრიტიკებდნენ „ქართული ოცნების“ რეპრესიებს, რაც დაახლოებით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ხდება და რაც იმ ქართველების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ამ არჩევნების თავისებურებებსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს- უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე.
თუ არაღიარების აქტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე მოხვდება და ამოქმედდება, როგორი იქნება ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ამის შემდეგ?
ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები სტაბილურად არასწორი მიმართულებით მიდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. გარდა იმისა, რომ საქართველოში მზარდი რეპრესიებია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაკეთდა მკაფიო, არამეგობრული განცხადებები დასავლური, და განსაკუთრებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ. ვხედავთ ერთგვარ დაჩოქებას, მოსკოვის მოთხოვნებისა, თუ პოზიციების მიმართაც. ეს საკმაოდ გასაოცარი და ძალიან სამწუხაროა. ჩვენი ურთიერთობები ალბათ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, რაც კი როდესმე ყოფილა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული მაინც.
თქვენ თქვით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პასუხი ნელი და სუსტი იყო. კიდევ რისი გაკეთება შეეძლოთ, რომ ეს არ გეთქვათ?
საარჩევნო დარღვევები მკაფიოდ, უფრო მკაცრი ენით უნდა დაეგმოთ. იმ რეპრესიების ლოდინის ნაცვლად, რაც მოხდა [არჩევნების შემდეგ], ამ არჩევნებში დარღვევების გამო, სანქციები უნდა დაეწესებინათ. სანქციების დაწესება როდესაც დაიწყეს, მართალია ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირეს, მაგრამ იგივე არ გააკეთეს ირაკლი კობახიძის შემთხვევაში, რომელიც, ნათელია, რომ როგორც მინიმუმ ივანიშვილის უმცროსი პარტნიორია ამ ნეგატიურ ქმედებებში.
როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე- სიტუაციის გაუმჯობესებას, ან “ქართული ოცნების” უკან დახევას იმედოვნებდნენ?
მე და სხვებს, ვინც კავკასიის რეგიონზე ვმუშაობთ ადმინისტრაციასთან ამაზე საუბარი გვქონდა და ნათელია, რომ მათ უადგილო იმედები ჰქონდათ, რომ პირად საუბრებს შეძლო თბილისში ოფიციალური პირებისთვის სწორი ნაბიჯებისკენ ებიძგებინა. მაგრამ ეს მცდელობები აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაბამისი პოლიტიკა არ არსებობდა, რადგან რომ ყოფილიყო დროული მკაცრი სასანქციო პოლიტიკა, ეჭვი მაქვს, რომ სიტუაცია არ გაუარესდებოდა იმ დონემდე, როგორც ახლაა.
თუმცა, ნაბიჯი, რომელიც მათ გადაგდგეს ივანიშვილის სანქცირება იყო. ფიქრობთ, რომ ეს რამეს შეცვლის?
ვფიქრობ, ეს ცვლილებების ნაწილი იქნება. თუმცა, ივანიშვილი ვერ იმუშავებს თავისი მთავარი “ლეიტენანტების” გარეშე. ასე რომ, რეპრესიების მთავარი აღმასრულებლის, კობახიძისთვის სანქნციების არდაწესება, [ამერიკის საქართველოსადმი არსებული] პოლიტიკის პრობლემაა. და მხოლოდ კობახიძეზე არაა საუბარი, არსებობენ სხვა ადამიანები მინისტრების, მინისტრების მოადგილეების დონეზე, რომლებიც რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაში იყვნენ ჩარეული და ისინიც უნდა დასანქცირდნენ.
ბაიდენის ადმინისტრაცია 20 იანვრამდე ჯერ კიდევ ძალაუფლებაშია. ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი, რაც მათ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგეს, სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობს ხელმოწერა იყო- ის, რაც ცოტა ხნის წინ საქართველოსთან გაუქმდა. რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, თვლით თუ არა, რომ ამერიკა რეგიონში საქართველოს სომხეთით ანაცვლებს და რა მდგომარეობაში აყენებს ეს საქართველოს?
არ ვიტყოდი, რომ [ამერიკა] საქართველოს სომხეთით ანაცვლებს. უბრალოდ, ისე მოხდა, სომხეთის პოლიტიკა საგრძნობლად გაუმჯობესდა 2020 წელს, აზერბაიჯანის გამოვლენილი აგრესიის შემდეგ. 30 წელზე მეტია ვაკვირდები სამხრეთ კავკასიას. ყოველთვის მეჩვენებოდა, რომ სომხეთი იყო ის, ვინც უკომპრომისოდ იქცეოდა მთიანი ყარაბაღის კრიზისთან დაკავშირებით.
თუმცა, აზრი, დაახლოებით, 6 წლის წინ შემეცვალა. მას შემდეგ უპირატესობა და უკომპრომისო პოზიცია უკვე ბაქოს ახასიათებს და არა ერევანს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვფიქრობ, სომხეთის მთავრობამ ასევე გააცნობიერა, რომ კრემლზე მისი დამოკიდებულება რეალურად ძალიან, ძალიან, თვითდამამარცხებელი პოლიტიკა იყო, იმიტომ რომ 2020 წლის ომთან დაკავშირებული კრიზისისას, მოსკოვმა ერთგვარად აზერბაიჯანზე გააკეთა გათვლა.
რადგან რეგიონზე ვსაუბრობთ ასეთი რამ მინდა გკითხოთ: ხშირად, საქართველოზე საუბრისას, პარალელს ბელარუსთან ავლებენ. თქვენც, “ამერიკის ხმასთან” ხშირად გითქვამთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ლუკაშენკოს რეჟიმს ემსგავსება. Მართალია, დასავლეთს ბელარუსის არჩევნების შედეგები არ უღიარებია და ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანუსკაიას უჭერდა მხარს, მაგრამ რეალობა მაინც ისაა, რომ ლუკაშენკო ხელისუფლებაშია, ციხანუსკაიას კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. რა შეცდომები დაუშვა დასავლეთმა ბელარუსში, რისი გამეორებაც საქართველოში არ უნდა მოხდეს, ან თუ გნებავთ, რა გაკვეთილები ისწავლა დასავლეთმა, რაც საქართველოს შემთხვევაში გამოდგება?
საქართველოსა და ბელარუსს შორის პარალელებს ზედმეტად არ გავავლებდი. არსებითად, ბელარუსი მოსკოვის გავლენის ქვეშ, საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდანაა. საქართველომ კი საოცრად დაიხსნა თავი მოსკოვისაგან, დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ დღეებში. რუსეთმა, 90-იანების დასაწყისშივე, იქამდეც კი, ვიდრე შევარდანაძე პრეზიდენტი გახდებოდა, თბილისის საწინააღმდეგო პოზიციების სუბსიდირება დაიწყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში. შევარდნაძის გაპრეზიდენტების შემდეგ კი ორი ნათლად კრემლისგან ორკესტირებული მკვლელობის მცდელობა ვნახეთ [შევარდნაძის წინააღმდეგ].
ნელ-ნელა, განსაკუთრებით ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მოსკოვისგან დაშორება და დასავლეთისკენ სვლა დაიწყო. ეს დინამიკა გრძელდებოდა ივანიშვილის ეპოქის პირველი ორი, სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში. ახლა კი საქართველო, არ ვიტყოდი, სწრაფად, მაგრამ ძალიან შესამჩნევად ბრუნდება მოსკოვის გავლენის სფეროში.