„ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი“ – ალი ასადოვი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესახებ
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულად ამუშავებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობა განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, აზერბაიჯანის დამატებითი ინვესტიციისა და საქართველოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის შედეგად, ტვირთის გადაზიდვის უნარი მილიონიდან 5 მლნ ტონამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასდოვმა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს რკინიგზა შუა დერეფნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
„კასპიის ზღვის ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო პორტი, ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია. ამჟამად, წელიწადში, პორტის გადაზიდვის უნარის 15 მლნ-დან 25-მლნ ტონამდე გაზრდის მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოში ფოთისა და ბათუმის პორტები შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ელემენტებია. ძალიან გვიხარია, რომ დღეს შესაბამისი უწყებების მიერ სატრანსპორტო დერეფნის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება. ეს ყველაფერი კონტინენტთაშორის ტრანზაქციებში აზერბაიჯანისა და საქართველოს როლებს აძლიერებს, როგორც მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლებს,“- განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.