ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი 10%-ით გაიზარდა

ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტი დღეში 62,000 ბარელით, ანუ 10%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ OPEC-ის ყოველთვიურ ანგარიშში წერია.
ამდენად, ბთჯ-ის მილსადენით ნოემბერში ნავთობექსპორტის დღიურმა საშუალო დონემ 656,000 ბარელი შეადგინა. ეს, 2023 წლის ნოემბრის თვესთან შედარებით, დღეში 45 ათასი ბარელით, ანუ 7%-ით მეტია.

ცნობისთვის: ბთჯ-ის მილსადენის მთლიანი სიგრძე 1,768 კილომეტრია, რომელიც ნავთობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე თურქეთის პორტ ჯეიჰანს ტანკერებით შემდგომი გადაზიდვისთვის აწვდის. მილსადენის სიმძლავრე დღეში 1,2 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტის საშუალებას იძლევა. პროექტის თანახმად, მილსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეში 2,2 მლნ ბარელამდე არის შესაძლებელი.
29 ნოემბერს ნორვეგიულმა კომპანია Equinor-მა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან და ინდურ ONGC Videsh Limited-თან გარიგება დახურა, რომელიც აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის (ACG-ის) საბადოების ბლოკის განვითარების პროექტში და ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორ კომპანია BTC Co-ში თავისი წილის გაყიდვას ეხება. გარიგების ჯამური ოდენობა 720 მლნ დოლარია.
ახალი გარიგების გათვალისწინებით, ბთჯ-ის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია BTC Co-ს აქციონერები არიან: BP plc (30.1%), SOCAR (32.96%), MOL (8.9%), TPAO (6.53%), Eni და TotalEnergies (სათითაოდ 5%), Itochu (3.4%), ExxonMobil და Inpex (სათითაოდ 2,5%) და ONGC Videsh (3,11%).
bpn.ge