25 იანვრიდან არმატურის იმპორტი დაიბეგრება, მოსაკრებელი – 1 ტონაზე ტარიფი 420 ლარით განისაზღვრა. შესაბამის ცვლილებას საქართველოს მთავრობის №494-ე დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრით თარიღდება. როგორც matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, დადგენილება ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე იქნება.
ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის სამთავრობო ინიციატივას დადებითად აფასებს ბიზნესი, თუმცა იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა გადაწყვეტილებას უახლოეს ხანებში მოჰყვეს.
„ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის” დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური „საქმიან დილასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ინიციატივამ ბაზარზე შესაძლოა ერთი მხრივ მონოპოლია ჩამოაყალიბოს, მეორე მხრივ კი წვრილი და საშუალო იმპორტიორებს ლიკვიდობის პრობლემა შეუქმნას.
„ადგილობრივი წარმოების წახალისების წინააღმდეგი არავინ არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში და თუ ინიციატივა ამ მზიანს ემსახურება ეს კარგია, მით უფრო ჩვენი კომპანიაც აქტიურად მოიხმარს ქართული წარმოების ფოლადს, თუმცა მნიშვნელოვანია რომ შესაძლო შედეგებს შევხედოთ.
ვგულისხმობ რას, მნიშვნელოვანია არ მოხდეს ბაზარზე ერთგვარი მონოპოლია და შემდეგ ფასების ისე ზრდა. ანუ თან გავწიოთ იმპორტირებული და თან შევქმნათ მონოპოლისტური გარემო. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი შედეგი არ გვექნება.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამ არმატურის იმპორტს სხვადასხვა წვრილი თუ საშუალო ბიზნესი ახორციელებს, ისინი წლებია ბაზარზე ოპერირებენ და მნიშვნელოვანია ამ ინიციატივამ ისე შეუწყოს ხელი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას, რომ ჩვენ არ შევქმნათ იმპორტიორებისთვის ლიკვიდობის პრობლემა. უამრავი ასეთი ბაზაა და ეს ადამიანები წლების განმავლობაში ამ ბაზარზე ოპერირებენ.“ – განაცხადა კუნელაურმა.
ინფორმაციისთვის, 2024 წლის 11 თვეში იმპორტი 67%-ით, 351,671 ტონამდე იყო მომატებული, ხოლო იმპორტის მოცულობა $200 მილიონი დოლარი იყო.
სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს არმატურის ნახევარი რუსეთიდან შემოვიდა, ირანიდან იმპორტი კი $80 მილიონ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება ფასს, – 2024 წელს არმატურის იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 570 დოლარს შეადგენდა, შესაბამისად მასზე 420 ლარის, ანუ $148 დოლარის გადასახადის დაწესება მის ფასს ტონაზე 718 დოლარამდე გაზრდის. თუკი 2025 წელსაც იმპორტი გაზრდილი სახით შენარჩუნდა, 25 იანვრიდან 1 სექტემბრის მონაკვეთში იმპორტი დაახლოებით 127 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 94 მილიონი ლარი შევა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იმპორტის 420-ლარიანი გადასახადი სწორედ იმპორტის შემცირებისკენ არის მიმართული, სავარაუდოდ 2025 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი უნდა შემცირდეს.
მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობდნენ, რომ ბაზარზე დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო უარესდებოდა, რის გამოც არმატურის ორი მსხვილი მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია ამ ეტაპზე განახევრებული წარმადობით მუშაობს. მარიანა მორგოშია bmg-თან აცხადებდა, რომ რუსეთიდან და ირანიდან შემოტანილ არმატურას იმპორტიორები ადგილობრივ პროდუქციაზე 10-20 დოლარით იაფად ყიდიან და ამ პირობებში, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელი იყო.
ამავე მიზეზით კონკურენციის სააგენტომ არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით მოკვლევა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე გასული წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოს საბოლოო დასკვნის წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვს.