ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ხუთშაბათს კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ხელი მოაწერა 100-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას ითვალისწინებს მრავალ, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში.
“დღეს მართლაც ისტორიული დღეა. უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ჩვენ ახალ დონეს მივაღწიეთ, რაც უფრო მეტია, ვიდრე სტრატეგიული ურთიერთობა”, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.
RBC-Ukraine-ის ინფორმაციით, ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას ბალტიის, შავ და აზოვის ზღვებში საზღვაო უსაფრთხოების საკითხებში და მიმდინარე რუსული აგრესიის შეკავებას. დოკუმენტი აძლიერებს დიდი ბრიტანეთის, როგორც უკრაინის პრიორიტეტული პარტნიორის პოზიციას ენერგეტიკის სექტორსა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვების სტრატეგიაში.
ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტარმერმა, სხვა საკითხებთან ერთად, გამოაცხადა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება კიევის ახალი მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემით მომარაგებაზე. ეს სისტემა “უკრაინის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შემუშავდება “, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
“ჩვენ ერთად ხელი მოვაწერეთ საეტაპო შეთანხმებას, პირველ რიგში, ახალ პარტნიორობას დიდ ბრიტანეთსა და უკრაინას შორის, რაც ასახავს იმ დიდ სიმპათიას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებობს”, – განაცხადა კირ სტარმერმა შეთანხმების შესახებ.
დიდმა ბრიტანეთმა ადრე უკრაინის მხარდასაჭერად თითქმის 13 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გამოყო, აქედან 7,8 მილიარდი სამხედრო დახმარებასა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.