„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელ სანქცირებას ეხმაურება.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში თოთხმეტმა დეპუტატმა შეიტანა ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. ამ ინიციატივას წინ უსწრებდა დიდი ბრიტანეთის მიერ ვახტანგ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების სანქცირება.
ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ მიმართავს შეთქმულების თეორიებს და აცხადებს, რომ „დიდი ბრიტანეთი, დღეს „დიფ სთეითმა“, იგივე გლობალურმა ომის პარტიამ, ზუსტად ისეთივე თავის მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი“.
„დიდი ბრიტანეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემთხვევაში, ცხადად წარმოჩინდება, რომ „დიფ სთეითმა“ დიდი ბრიტანეთი უკრაინის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ევროპარლამენტის დონემდე დაიყვანა, რაც ამ სახელმწიფოს ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, გამორჩეულად ტრაგიკულ მოვლენად უნდა შეფასდეს.
სანქციების დაწესების შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის, როგორც სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ძირითად უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს, ავტორიტეტი საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს. თუმცა, იმ ფონზე, რომ „დიფ სთეითმა“, ანუ გლობალურმა ომის პარტიამ, არაერთი სახელმწიფო ფიზიკური განადგურებისთვის გაწირა, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოებრივ-მორალური განადგურება და დაკნინება ბევრად ნაკლებად ტრაგიკული მოვლენაა“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
“გლობალური ომის პარტია” არის “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორია, რომლის საფუძველზეც ეს პარტია ქვეყანას მართავს და საგარეო ურთიერთობებს განსაზღვრავს.
ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.
ცოტა ხნის წინ “ოცნების” ლიდერებმა შეწყვიტეს ამ ტერმინის (გლობალური ომის პარტია) გამოყენება და ის Deep State-ით ჩაანაცვლეს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სახელით დღეს, 8 იანვარს გავრცელებულ განცხადებიდან ირკვევა, რომ მათ მოსაზრებით “დიფ სთეითი” გლობალური ომის პარტიის “არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება”. ანუ ეს ორი სხვადასხვა “ორგანიზაციაა”.
“ოცნებას” ამ დრომდე კონსპირაციების დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ვერც აკონკრეტებს ვინ არის “გლობალური ომის პარტიის” ხელმძღვანელი.
სინამდვილეში, ყველას ვისაც “ოცნება” “გლობალური ომის პარტიაში” მოიაზრებს, ერთი რამ აერთიანებთ – სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხის გამო საქართველოს ხელისუფლება გაუკრიტიკებიათ.
ზოგადად „დიფ სთეითით” უფრო გლობალური კონსპირაციის თეორიაა და აღნიშნავს ჩრდილოვანი მმართველობის სისტემას, რომელშიც არაოფიციალური პირები სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ნაკლების ჩვენება