ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო გახდება. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტში ცვლილებები განხორციელდა და საბოლოო ვერსია სამინისტროებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. მას მოლოდინი აქვს, რომ ინიციატივას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და დაამტკიცებს. დავით ონოფრიშვილის შეფასებით, პროცედურების გავლას დაახლოებით 5-6 თვე დასჭირდება. თუ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი 2025 წლის განმავლობაში ამ ვადებში მიიღებს, მაშინ ახალი რეგულაცია 2026 წლის 1 იანვრიდან შეიძლება ამოქმედდეს.
,,ბოლომდე მომზადებულია უკვე ახალი კანონპროექტი. იყო ბოლოს ლაპარაკი მთავრობასთან. სხვადასხვა სამინისტროებთან იყო განხილული და ის მცირე შენიშვნები, რაც იყო გათვალისწინებულია. ეკონომიკის სამინისტრო იყო ბოლომდე ამაში ჩართული. მე მგონია, რომ საგაზაფხულო სესიაზე ამისი დამტკიცება შეიძლება, პარლამენტი თუ შეიტანს განრიგში. ქვეყანა არ არის, რომელსაც მესამე პირის ავტომობილთა პასუხისმგებლობა არ იყოს დაზღვეული, რაც პირველ რიგში კარგია ავტომობილების მფლობელთათვის. შემთხვევითი შემთხვევის დადგომის პირობებში მათ არ მოუწევთ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი. მოსამზადებელ პერიოდს დაახლოებით 5-6 თვე სჭირდება. ანუ ეს თუ მიიღება 1 ივლისამდე პირობითად, ის ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან. ეს მართლა ისეთი კანონმდებლობაა, რომელიც აქამდე უნდა მიგვეღო, თუმცა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე არ არის მიღებული.’’- აცხადებს დავით ონოფრიშვილი.
საკანონმდებლო რეგულაცია, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს. თუკი თქვენ სხვის კუთვნილ მანქანას ან ფეხით მოსიარულეს დაეჯახეთ და დადგინდა, რომ ამაში ბრალი თქვენ მიგიძღვით, დაზარალებულის კომპენსაციისთვის თანხების მოძიება აღარ მოგიწევთ. მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი თქვენი სადაზღვევო პოლისის საფუძველზე ანაზღაურდება.