„ხელისუფლება პოლიტიკურ საფუძველზე ბიზნესის ორად გახლეჩას ცდილობს, ერთადერთი სფერო, რომლის ცემა-ტყეპაც არ დაწყებულა არის ბიზნესი, დარწმუნებული ვარ მიდის მუშაობა, რომ ეს სფეროც გაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ,“ – ამის შესახებ „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთელმა ბიზნესმა შეძლო და ერთიან პოზიციაზე დადგნენ, არსებულ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექნება, რაც მათთვის რისკია.
„15 იანვრის საყოველთაო გაფიცვა იყო პროტესტის ფორმა, რომელიც ბიზნესმა პირველად გააკეთა. ეს იყო ჰარმონია დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის. იყო კომპანიები, სადაც ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება ჩართულობაზე, იყო კომპანიები სადაც პერსონალმა მიიღო გადაწყვეტილება და იყო კომპანიები, სადაც ხელმძღვანელებსა და დაქირავებულებს შორის სინქრონი იყო. ეს პროტესტი იყო სინქრონული იმ ადამიანების მიერ ვინც დოვლათს ქმნის და ეკონომიკას ამოძრავებს. ეს იყო გამაფრთხილებელი, პროტესტი მომავალში უფრო მკაცრი იქნება თუ არსებული ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ბიზნესის ხმას, რომელიც საზოგადოებასთან ერთად აჟღერებს იმ მოთხოვნებს, რაც სიტუაციის დეესკალაციას სჭირდება.
კერძო სექტორში რამდენიმე კატეგორიაა. არის კატეგორია, რომელიც რეალურად ვერ აღიქვამს თუ რა პრობლემები შეიძლება იყოს და შეეხება მას თუ არა. მართლა არის ასეთი კატეგორია. არის მეორე კატეგორიაც – შინაგანად უერთდება პროტესტს, რომელიც 50 დღეა გრძელდება რუსთაველზე, მაგრამ ურჩევნია ტელევიზორიდან დააკვირდეს, რადგან გარეთ ცივა, რისკებია.. არის ასეთი კატეგორიაც ბიზნესში რომელიც თვლის, რომ რადგან მე ვლაპარაკობ და რისკის წინაშე ვაყენებ ჩემ საქმეს, მის გასაკეთებელ საქმესაც ვაკეთებ, ამიტომ რა საჭიროა ისიც გამოვიდეს და ილაპარაკოს. ზოგადად, ქართველებს ეგ პრობლემა გვაქვს, თუმცა დროთა განმავლობაში ამ პრობლემის გადალახვასაც ვახერხებთ, რადგან როდესაც ყველასთან ახლოვდება რისკები ადამიანები აქტიურდებიან.
დარწმუნებული ვარ, ის ვინც რეალობაში აღიქვამს ხვალ რა შეიძლება მოჰყვეს არსებულ ეკონომიკურ სიტუაციას, იმან უკვე დაიწყო მოძრაობა და ქმედით ნაბიჯებს დგამს. მაგრამ არის კატეგორია, რომელიც ფიზიკურად ვერაფერს აკეთებს, რადგან ბმაშია მთავრობასთან. ჩვენ დროში იყვნენ კომუნისტური ჟარგონით რომ ვთქვათ, ე.წ. „ცეხავიკები“, რომლებიც ტენდერებით იკვებებოდნენ და მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, მათი წარმატების 70-80% მმართველ პარტიაზეა დამოკიდებული და იმან რა უნდა ილაპარაკოს?! პირიქით აგონიაშია და შესაძლოა, „ბალეშჩიკობს“ კიდეც მმართველ გუნდს არაფერი პრობლემა შეექმნას. აი, ამ სიტუაციაში ვართ დღეს, მაგრამ ვფიქრობ რაც დრო გადის, ბიზნესი უფრო ერთიანი ხდება.
როცა ირაკლი კობახიძის შეხვედრა იყო ბიზნესმენებთან, შთაბეჭდილება დამრჩა რომ ბიზნესის გახლეჩის პროცესი იწყებოდა. იცით რომ საზოგადოება ორ ნაწილად არის გახლეჩილი და ეგ იქნებოდა საშინელება. ბიზნესი რომ ერთმანეთს დაუპირისპირდეს ჩათვალეთ, ძალიან მოკლევადიანი სისწრაფით საერთოდ ეკონომიკა არ გვექნება. აქედან გამომდინარე ჩვენ დღემდე ვინარჩუნებთ ამ ფორმატს, შეიძლება განსხვავებული გემოვნება, პოზიცია გვქონდეს მაგრამ ვკამათობთ დახურულ კარს მიღმა და საჯაროდ ერთმანეთის წინააღმდეგ არ მივდივართ. პოლიტიკურ საფუძველზე ბიზნესის ორად გახლეჩის მცდელობა კიდევ რჩება დღის წესრიგში. დაიწყეს ახალგაზრდებით, გადავიდნენ ხელოვანებზე, ჟურნალისტებზე, ერთადერთი სფერო, რომლის ცემა-ტყეპა არ დაწყებულა ეს არის ბიზნესი. დარწმუნებული ვარ მიდის მუშაობა, მცდელობა რომ ეს სფეროც გაყონ და ერთმანეთს დაუპირისპირონ.
კოლეგებთან ყოველდღე მაგაზე ვსაუბრობ, რომ ქვეყნის ეკონომიკას ჩვენ ვმართავთ, ერთი სამშობლო გვაქვს და არ შეიძლება პოლიტიკური გემოვნების გამო ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მინდა გითხრათ, რომ ბევრს ესმის და დიდ ნაწილთან შეჯერებაც ხდება ამ საკითხზე. ჩემი სურვილია ბიზნესი ერთი მაგიდის ირგვლივ დავსხდეთ და ერთიანი პოლიტიკა შევიმუშაოთ. თუ შევძელით და მთელი ბიზნესი ერთიან პოზიციაზე მივედით, ჩათვალეთ, არსებულ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები ექნება, თუ ჩვენ ერთი ხმით დავიწყეთ საუბარი მაშინ ყველას მოუწევს ჩვენთვის ანგარიშის გაწევა. ეს რა თქმა უნდა რისკია მათთვის. „გათიშე და იბატონე“ იდეალური ვერსიაა, რასაც დღეს აკეთებენ, რისი მიღება უნდათ, მეორე ბელარუსის?! მეორე ბელარუსს აქ ვერ მიიღებენ,“ – განაცხადა კახა ხაზარაძემ.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი