„[ყაზბეგში] ზამთრის სეზონი არ არსებობს” – სასტუმრო „ოიშე“ სეზონზე დაიკეტა

ყაზბეგში მდებარე ბუტიკური სასტუმრო „ოიშე“ ზამთრის ტურისტულ სეზონზე დაიკეტა. ამის შესახებ სასტუმროს დამფუძნებელმა, ლიკა ტოგონიძემ BM.GE-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და აქციების ფონზე ჯავშნები გაუუქმდათ. მათ შორის იყო ბევრი ევროპული ჯავშანი. ტოგონიძე დასძენს, რომ მომხმარებლები ჯავშნების გაუქმების მიზეზად ქვეყანაში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობას ასახელებენ.
„ზამთრის სეზონი [ყაზბეგში] არ არსებობს, არ არის. ყველა ევროპული ჯავშანი გაგვიუქმდა. ზამთარში ოიშე არ მუშაობს, დაკეტილია. რადგან ხარჯები უფრო მეტი იყო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზამთრის სეზონზე სასტუმრო დაგვეკეტა. ამას ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და აქციებს ვუკავშირებთ, რადგან როდესაც ჩვენ სტუმრებს დავუკავშირდით მიზეზის გასაგებად, მათ გვითხრეს, რომ საქართველოში არ არის დალაგებული სიტუაცია და ვერ ჩამოვლენ.
საახალწლო ჯავშნებიც მთლიანად გაგვიუქმდა. მაგალითად, უნდა ჩამოსულიყვნენ ჰოლანდიიდან, ავსტრიიდან… ასევე გაუქმდა ჯავშნები ტაილანდიდან. რუსებიც ნაკლებად არიან ყაზბეგში, რადგან მოვლენებს შიშით უყურებენ. მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გზას აირჩევს ჩვენი ხელისუფლება, თორემ ხალხმა კი აირჩია სწორი გზა“, – ამბობს ბუტიკური სასტუმროს დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, ბუტიკური ტიპის სასტუმრო „ოიშე“ ყაზბეგში მდებარეობს და ჯამში, სრული დატვირთვით 20 – 22 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. რაც შეეხება განთავსების ღირებულებას, სტანდარტულ ნომერში ერთი ღამით განთავსება 100-120 ლარის ფარგლებში მერყეობს.