“ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია კონგრესმენებს რონალდ ესტესს და კეროლ მილერს შეხვდნენ.
“ძლიერი საქართველოს” ინფორმაციით, კონგრესში გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა იყო ახალი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი შექმნილი კრიზისიდან.
„ორივე პოლიტიკოსი “მეგობარი აქტისა” და “ქართული კოშმარის” არაღიარების აქტის მხარდამჭერია. გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმასა და მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ამერიკელმა კონგრესმენებმა ინფორმაცია პირადად ქართველი პოლიტიკოსებისგან მიიღეს“, – აღნიშნავენ “ძლიერ საქართველოში”.
როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლება, რომელიც დე ფაქტო მმართავს ქვეყანას, აგონიაშია.
“ჩვენ მივაწოდეთ კონგრესმენებს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კოალიციის ლიდერი ბატონი გახარია, ”ქართული ოცნების” ძალადობრივი ჯგუფის მიერ უმოწყალოდ იყო ნაცემი.
ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც დე ფაქტოდ მართავს ქვეყანას, აგონიაშია, მას მიაჩნია, რომ ასეთი ძალადობით დაშინდებიან ან პოლიტიკოსები ან ქართული საზოგადოება.
ჩვენ ვნახეთ, რომ პირიქით ხდება, დღეს თბილისმა და მთელმა საქართველომ თავისი გაფიცვით, კიდევ ერთხელ აჩვენა ”ქართულ ოცნებას”, რომ ძალადობა მათი მხრიდან მიიღებს დიდ წინააღმდეგობას საზოგადოებიდან. ძალადობით ისინი ვერ შეძლებენ, შეინარჩუნონ ხელისუფლება, რომელიც მიტაცებული აქვთ. რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკური ლიდერი ასე უმოწყალოდ არის ნაცემი ”ქართული ოცნების” ჯგუფის მიერ, ეს იქნება დაგმობილი და შესაბამისი ნაბიჯები მოჰყვება ჩვენი საზოგადოების მხრიდან და საერთაშორისო საზოგადოებისგან”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.