დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია ჩატარებული არჩევნების მიხედვით
საქართველოს დამოუკიდებლობა და საპარლამენტო არჩევნები თითქმის ტოლები არიან. 30 წლის წინ, 1990 წლის 28 ოქტომბერს, არჩეულმა პირველმა მრავალპარტიულმა უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისტორიული მნიშვნელობის იყო ყველა მომდევნო, საერთო ჯამში, ცხრა მოწვევის პარლამენტის არჩევნები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია, დიდწილად, საპარლამენტო არჩევნების ისტორიაცაა.
ვის, როგორ და რა ვითარებაში ვირჩევდით 1990 წლის 28 ოქტომბრიდან დღემდე, ნახეთ 9 არჩევნების ილუსტრირებული ისტორია აქ.
31 ოქტომბრის არჩევნების ეპიზოდი დაემატება ….
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად შეწყდა დემოკრატიული არჩევნების ისტორია. ამის შემდეგ, მხოლოდ საბჭოთა ოკუპაციის მიწურულს, 1990 წლის 28 ოქტომბერს, მიეცა ამომრჩეველს საშუალება კომუნისტურის გარდა სხვა პარტიებისთვის მიეცა ხმა. საქართველო ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკა იყო. არჩევნებსაც, შესაბამისად, ერქვა „საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს არჩევნები“. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქეს არჩევანი 14 პოლიტიკურ პარტიასა და საარჩევნო ბლოკს შორის უნდა გაეკეთებინა.
1990 წლისთვის შეუქცევადი გახდა საბჭოთა კავშირის რღვევის პროცესი. ერთმანეთის მიყოლებით დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ბალტიის რესპუბლიკებმა: ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა.
1990 წლის 25 მარტს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში უნდა გამართულიყო უმაღლესი საბჭოს არჩევნები, რომელშიც, როგორც წინა 70 წლის განმავლობაში ხდებოდა ხოლმე, მხოლოდ ერთი პარტია – კომუნისტური – იყრიდა კენჭს.
1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი დარბევის შემდეგ კომუნისტური ხელისუფლების ავტორიტეტის დაცემამ და ხალხის მხარდაჭერით გაძლიერებულმა ეროვნულმა მოძრაობამ საბჭოთა საქართველოს მთავრობა აიძულა გეგმები შეეცვალა:1990 წლის 20 მარტს კომუნისტური პარტიის ცკ-ის პირველმა მდივანმა გივი გუმბარიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბრისთვის გადაიტანეს.
ეროვნული მოძრაობისთვის მხოლოდ თარიღის შეცვლა საკმარისი არ იყო. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით. ზვიად ძიძიგურმა და წმინდა ილია მართლის საზოგადოების სხვა წევრებმა სამტრედიაში რამდენიმე დღით გადაკეტეს რკინიგზა მოთხოვნით: „დამტკიცდეს დემოკრატიული საარჩევნო კანონი!“
საბჭოთა ხელისუფლებას აქაც უკან დახევა მოუწია და დადგენილებაში ჩაწერა:
„საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების კანონის პროექტს საფუძვლად დაედოს მრავალპარტიული არჩევნები მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით“.
დამტკიცებული საარჩევნო სისტემით საქართველო 5 წლით ირჩევდა უზენაეს საბჭოს 250 დეპუტატს: 125-ს პროპორციული, 125-ს კი მაჟორიტარული სისტემით.
„1990 წლის 25 მარტს დანიშნული ერთპარტიული არჩევნები ანტიდემოკრატიულ პრინციპებს ემყარებოდა და ვერ გახდებოდა საქართველოს მოსახლეობის ნების გამომხატველი, სწორედ ამიტომ გამოვუცხადეთ ამ არჩევნებს ბოიკოტი, მაგრამ, როდესაც „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს“ ბლოკის ძალისხმევისა და აქციების მეოხებით მიიღეს არჩევნების ახალი კანონი, შესაძლებელი გახდა გამართულიყო თავისუფალი, მრავალპარტიული – და არა საბჭოური – არჩევნები“ , – თქვა ზვიად გამსახურდიამ 1990 წლის 7 დეკემბერს ამერიკელ ჟურნალისტ ედმუნდ სტივენსისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც „საქართველოს რესპუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 14-მა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა გამოთქვა. მათ შორის იყო რუსთაველის საზოგადოება.
„საქართველოში პირველად უნდა გაიმართოს მრავალპარტიული არჩევნები! ვისი გამარჯვებაა არჩევნებში სასურველი – რუსთაველის საზოგადოების? სახალხო ფრონტის? მრგვალი მაგიდის? მწვანეების? ფედერალური პარტიის? დასის? არც ერთის! მრავალპარტიულ არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ! ეს გამარჯვება ნიშნავს უზენაესი საბჭოს გარდაქმნას ჭეშმარიტ პარლამენტად და საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღდგენის რეალურ არგუმენტს.
ვინ არის საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში – რუსთაველის საზოგადოება? სახალხო ფრონტი? მრგვალი მაგიდა? მწვანეები? დასი? არც ერთი! საქართველოს ეროვნული მოძრაობის მეტოქე მომავალ არჩევნებში არის კომუნისტური პარტია, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ზნეობრივ, ეროვნულ კრახამდე.
ვინ მისცემს ხმას კომუნისტურ პარტიას? ალბათ, 400-ათასიანი ნომენკლატურა, სეპარატისტები, სუკის მუშაკები, ეკონომიკური მაფიის წევრები… ამიტომ არჩევნებში კომუნისტური პარტიის დასამარცხებლად აუცილებელია მთელი ეროვნული მოძრაობის გაერთიანება, სრული კონსოლიდაცია. არჩევნების დღეს ერთმანეთის პირისპირ უნდა დარჩეს ორად ორი ბლოკი – კომუნისტური პარტია და ეროვნული მოძრაობა“.
გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, 30 აგვისტო.
ეროვნული მოძრაობა ვერ გაერთიანდა ვერც არჩევნებამდე და ვერც არჩევნების შემდეგ.
1990 წლის მარტში იმართება კონფერენცია, სადაც ეროვნულ მოძრაობაში ჩართული პარტიები საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ცდილობენ. პოზიციების შეჯერება ვერ ხერხდება. პარტიათა ერთ ნაწილს აუცილებლად მიაჩნდა:
· საბჭოთა კანონებით არჩევნების ჩატარება;
· არჩევნების მოგება;
· ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სსრკ-ს შემადგენლობიდან გასვლა.
სხვებს არჩევნების გზით პოლიტიკური განვითარება შეუძლებლად მიაჩნდათ და მოითხოვდნენ:
· საქართველოს კოლონიად გამოცხადებას
· საბჭოთა არმიის გაყვანას საქართველოდან.
„ჯერ — თავისუფლება, შემდეგ — დამოუკიდებლობა“, – ასეთი იყო მათი ლოზუნგი.
პარტიების პირველმა ნაწილმა უზენაესი საბჭოს არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მეორე ნაწილმა კი ეროვნული კონგრესი აირჩია.
საქართველოს ეროვნული კონგრესის არჩევნები 1990 წლის 30 სექტემბერს, 1 და 14 ოქტომბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 1 მლნ 505 ათასმა ადამიანმა. პარტიების მიერ მიღებული ხმები და მანდატები ასე განაწილდა:
· ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და დემოკრატიული პარტიის საარჩევნო ბლოკი – 32,5% (65 მანდატი);
· საარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული საქართველო“ – 18,3% (37 მანდატი);
· საარჩევნო ბლოკი „ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია – ეროვნული კავშირი“ – 35,5% (71 მანდატი);
· საქართველოს სახალხო პარტია – 4,36% (9 მანდატი);
· კომპარტიის დემოკრატიული ფრაქცია – 5,51% (11 მანდატი);
· საქართველოს მოქალაქეთა ლიგა – 3,71% (7 მანდატი).
საქართველოს ეროვნული კონგრესის პირველი სხდომა 1990 წლის 26 ოქტომბერს მოსწავლეთა სასახლის ისტორიულ შენობაში გაიმართა. სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს ირაკლი წერეთელი. სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ჭანტურია, ვაჟა მთავრიშვილი, მერაბ მამარდაშვილი, გოგი სიხარულიძე, ნოე გელაშვილი, ირაკლი წერეთელი, ლაშა თაბუკაშვილი, გურამ გოგბაიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი და სხვ.
„ეროვნულმა კონგერსმა უნდა გამოაცხადოს, რომ საქართველო არის ოკუპირებული, ანექსირებული, აგრესიის ქვეშ მყოფი კოლონიური ქვეყანა და ამ განცხადების საფუძველზე უნდა იბრძოლოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ოფიციალურ დონეზე საქართველოს დეოკუპაციის, დეკოლონიზაციისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხის დასმისა და დადებითად გადაწყვეტისათვის“ , – ითქვა ეროვნული კონგრესის პირველ სხდომაზე.
კონგრესის სხდომაზე იკამათეს 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის გამო, რომელიც კონგრესის წევრებს ირინა სარიშვილმა გააცნო. პროექტის მიხედვით, „არჩევნების ბოიკოტი არ ცხადდებოდა მთელი ეროვნული კონგრესის სახელით“. რეზოლუციას მხარი კონგრესის 98 წევრმა დაუჭირა (45 – წინააღმდეგი, 32 – თავი შეიკავა).
“კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს” არ გაუმართავთ არავითარი ნამდვილი არჩევნები. ეს იყო გაყალბებული არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 2 %-საც არ მიუღია მონაწილეობა“, – „მათ არ გამოუქვეყნებიათ დეტალური მონაცემები რაიონებისა და უბნების მიხედვით, ისინი არ შეუმოწმებიათ საზღვარგარეთელ ექსპერტებს. ასე რომ, თვითმარქვია ეროვნული კონგრესი არავითარ პოლიტიკურ ძალას არ წარმოადგენს და, მით უმეტეს, არ არის „ხელისუფლების სტრუქტურა“. ზვიად გამსახურდია
უზენაესი საბჭოს არჩევნებისთვის, ზვიად გამსახურდიას გარშემო 1990 წლის მაისში ერთ ბლოკად „ მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველო“ – შვიდი პოლიტიკური ორგანიზაცია გაერთიანდა:
· საქართველოს ჰელსინკის კავშირი
· სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოება
· სრულიად საქართველოს მერაბ კოსტავას საზოგადოება
· ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
· საქართველოს ეროვნული ფრონტი-რადიკალური კავშირი
· საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი
· საქართველოს ეროვნულ-ქრისტიანული პარტია
„ვინც ლაპარაკობს, ხომ ტყუის; ვინც დუმს, ის უფრო ტყუის“.
„საქართველო ჯერ კიდევ დაძაბულ, მოუწესრიგებელ და ქაოსური ურთიერთობის მორევში ტრიალებს, მის თავზე დამოკლეს მახვილივით კიდია მრავალპარტიული არჩევნების დღე – 28 ოქტომბერი“. – მწერალი ირინე ტალიაშვილი .
არჩევნების დღემ და შედეგების დაჯამების პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიარა: პირველ მრავალპარტიულ, დემოკრატიულ არჩევნებში 4 %-იანი საარჩევნო ბარიერი მხოლოდ საარჩევნო ბლოკმა „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“ და „კომუნისტურმა პარტიამ“ გადალახეს. ეროვნულმა მოძრაობამ კომუნისტებზე თითქმის ორჯერ მეტი ხმა მიიღო:
· „მრგვალი მაგიდა–თავისუფალი საქართველო” – 53,99% , 81 მანდატი
· საქართველოს კომუნისტური პარტია – 29,58%, 44 მანდატი
მაჟორიტარული სისტემით მანდატები 5 პარტიას ეროგო:
· „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ – 43
· საქართველოს კომუნისტური პარტია – 17
· საქართველოს სახალხო ფრონტი – 11
· „დემოკრატიული საქართველო“ – 2
· რუსთაველის საზოგადოება – 1
“ეს იყო არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი, ერისა და ქვეყნის აწმყოსა და მომავლის განმსაზღვრელი მოვლენა… დაე, იყოს 28 ოქტომბერი კიდევ ერთი დიდი საბუთი იმისა, რომ ბრძენია ქართველი ერი, ბრძენია გულით, და ესაა მთავარი სიბრძნე, რადგან, ჭკუა კი არა, გულია ნამდვილად ბრძენი. ის გაიმარჯვებს და ერსაც გაამარჯვებინებს, ის შეძლებს სამშობლოს გათავისუფლებას“
გურამ პრეტრიაშვილი
„გაგვახარა ჩვენი ერის ასეთმა გამოღვიძებამ, ასეთმა პოლიტიკურმა სიმწიფემ და დარაზმულობამ, მაგრამ ამავე დროს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი მიმართავდნენ ყოვლად უღირს ხერხებს, უხეშად არღვევდნენ და ახლაც არღვევენ კანონს: ყოველნაირად ცდილობდნენ ხელოვნური ზემოქმედება მოეხდინათ არჩევნებზე, აშინებდნენ არაქართულ მოსახლეობას „მრგვალი მაგიდით“ და ამას სჩადიოდნენ არა მარტო კომუნისტები, არამედ სხვა ბლოკების წარმომადგენლებიც. ავრცელებდნენ ხმებს, რომ „მრგვალი მაგიდა“ გაასახლებდა მათ საქართველოდან, მოუწყობდა გენოციდს და ა.შ.“
ზვიად გამსახურდია, წმ. ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე, „მრგვალი მაგიდა -თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი
„ზღაპარივით გვეჩვენება, რომ გვყავს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ყოფნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებითია და ამას რაც შეიძლება მალე უნდა დაესვას წერტილი“.
ნოდარ ნათაძე, სახალხო ფრონტი
„28 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ქართველ ერს პირველად მიეცა საშუალება თავისუფლად გამოეხატა დამოკიდებულება იმ რეჟიმისადმი, რომელიც გამეფებული იყო საქართველოში უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში და მან სავსებით ცალსახად გააკეთა თავისი არჩევანი… მინდა მივულოცო გამარჯვებულს ის ნდობა და ტვირთი, რომელიც მან მიიღო საქართველოს მოსახლეობისგან. ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა – ვინც პარლამენტში შევიდა და ვინც დარჩა პარლამენტს გარეთ. ყველამ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი“.
ზურაბ ჟვანია, მწვანეთა პარტიის სპიკერი, ბლოკი „თავისუფლება“
პირველი მოწვევის პარლამენტის პირველი სესიის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 13 ნოემბერს, პრესაში გამოქვეყნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარისა და ეროვნული კონგრესის წევრის, გიორგი ჭანტურიას, წერილი ეროვნული კონგრესისა და უზენაესი საბჭოს დამოკიდებულების შესახებ. ჭანტურია ამბობდა, რომ კონგრესი თვითმიზნურად არ დაუპირისპირდებოდა უზენაეს საბჭოს და რომ დაპირისპირება მოხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
· უზენაესი საბჭო დააპირებდა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას;
· მოახდენდა „დამოუკიდებლობის“ დეკლარირებას (რათა კრემლის საპასუხო ნაბიჯებით გამართლებულიყო საკუთარი წარუმატებლობა);
· განახორციელებდა ტერორს, რეპრესიებს, დაუპირისპირდებოდა ეროვნულ კონგრესს, მთელ ეროვნულ მოძრაობას;
· არ იბრძოლებდა დეოკუპაციისათვის; განახორციელებდა ანტიდემოკრატიულ კურსს;
· დაუპირისპირდებოდა საქართველოს, ქართველი ერის ინტერესებს.
14 ნოემბერი. 10.00 საათი. საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მუშაობას შეუდგა პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესია.
15 ნოემბერს გამოსული გაზეთები წერდნენ:
„70 წლის განმავლობაში პირველად ერის ბედის გადასაწყვეტად შეიკრიბნენ ერის მიერვე არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი ადამიანები. უმაღლესი საკრებულო დალოცა უწმინდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც საქართველოს უზენაეს საბჭოს გადასცა „ბიბლია“ და იერუსალიმიდან ჩამოტანილი და უფლის საფლავზე ნაკურთხი ამაღლების ხატი. ერთხმად იქნა არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ბატონი ზვიად გამსახურდია“.
„ჩვენდამი ოპოზიციურად დაპირისპირებული ბანაკიდან გაისმის მოწოდება, რომ თითქოს ჩვენ საქართველო დაუყოვნებლივ უნდა გამოვაცხადოთ კოლონიურ ქვეყნად, ხოლო ჩვენი თავი – კოლონიური თვითმმართველობის ორგანოდ, რაც არ მიგვაჩნია მართებულად, ვინაიდან მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს კოლონიური სტატუსის ქვეყანა, სადაც ჩატარებულიყოს თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები და ეს ქვეყანა ამის შემდეგაც კოლონიად დარჩენილიყოს… საქართველო აღარ არის კოლონია, მაგრამ არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჯერჯერობით. ეროვნული ხელისუფლება კი იმის გამო ავირჩიეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ანექსიის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგეს დამოუკიდებლობა“.
ზვიად გამსახურდია, უზენაესი საბჭოს პირველის სხდომა
საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტმა მოამზადა და ჩაატარა რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“
რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, რომელმაც გააუქმა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე და 1991 წლის 31 მარტს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე.
1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 90 %-მა, სარეფერენდუმო კითხვას კი დადებითად უპასუხა 99 %-მა.
31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გაფორმდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურდა 26 მაისს საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ერთპიროვნული გამარჯვებით.
პირველი დემოკრატიული არჩევნებიდან არასრულ ერთ წელიწადში უკიდურესად გაღრმავდა დაპირისპირება ეროვნულ კონგრესსა და “მრგვალ მაგიდას” შორის. მმართველი ბლოკი „მრგვალი მაგიდა- თავისუფალი საქართველო” დატოვა პარტიების ერთმა ნაწილმა; დაპირისპირების კულმინაციად იქცა ე.წ. 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის თბილისის ომი, რომელიც კანონიერი ხელისუფლების დამხობით დასრულდა: ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ, რომელმაც ქვეყნიდან გააძევა პრეზიდენტი გამსახურდია, შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება რესპუბლიკის ტერიტორიაზე და დაითხოვა უზენაესი საბჭო.