უძრავი ქონების კომპანიების RENTALS-ის და Eristavi Estates-ის დამფუძნებელ ზურაბ ერისთავის აზრით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში.
„საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვისაც მთავარი რისკია პოლიტიკური კურსი“, – თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.
უძრავი ქონების ორი კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, „ყველა დეველოპერს სხვადასხვანაირად უჭირს და ულხინს“, რაც გავლენას იქონიებს უძრავი ქონების ფასებზე.
„არავის ინტერესში არ შედის, მაგრამ თუ გაუარესდა პოლიტიკური გარემო, თუ გაუარესდა ქვეყნის სუვერენული რეიტინგი, თუ გაუარესდა ფულთან წვდომის ხარისხი და ა.შ. მაშინ პასუხიც ცხადია – ეს ყველაფერი გააძვირებს და გაართულებს უძრავი ქონების შეძენას და ბაზარზე გარკვეული რყევები დაიწყება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ჩვენთან ბევრი დეველოპერია, რომელთა პროექტები განვითარების სხვადასხვა ფაზაში იმყოფება; ყველა დეველოპერს სხვადასხვანაირად უჭირს და ულხინს. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვის რა ვალდებულება აქვს და ვის რისი გაყიდვა მოუწევს და რა ფასად, რომ ვალდებულებები დაფაროს. ამდენად, თუ გაურკვევლობა გაგრძელდა, ასეთი ტიპის დეველოპერებს განსაკუთრებით გაუჭირდებათ და მოუწევთ რაღაცების უფრო იაფად და დემპინგურ ფასად გაყიდვა. რასაკვირვეელია, ეს შემდეგ აისახება სხვა დეველოპერების უძრავი ქონების ფასზეც.
ხშირად ვამბობთ, ხოლმე რომ უძრავი ქონების ბაზარი დამოკიდებულია მოლოდინებზე; თუ ქვეყანაში დადებითი მოლოდინებია, აქტიურად მიდის ინვესტირება უძრავი ქონების სექტორში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო მიმართულებაა ქვეყანაში. შეიძლება, სხვა სექტორები უფრო დიდ მოგებას ტოვებდნენ, მაგრამ ადამიანი მშვიდად გრძნობს თავს, როდესაც ინვესტირებას აკეთებს უძრავ ქონებაში, რომელსაც შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვებს“, – ამბობს ზურაბ ერისთავი.
ამასთან, როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში უძრავი ქონების კომპანიების დამფუძნებელმა ივარაუდა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში, უძრავი ქონების გაყიდვებში შეფერხებებია მოსალოდნელი.
„ასეთ ტურბულენტურ გარემოში ადამიანებს უძრავი ქონების ყიდვის შიში უჩნდებათ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იციან, გაძვირდება თუ არა უძრავი ქონება და ან ლარის კურსი რამდენად გაუფასურდება, არამედ ჩნდება კითხვა – ასეთ გარემოში საერთოდ ღირს თუ არა ცხოვრება. ამდენად, გაყიდვებში შეფერხებები მოსალოდნელია“, – განაცხადა ზურაბ ერისთავმა და იქვე დასძინა, რომ აღნიშნული, ბუნებრივია, აისახება ახალი დეველოპერული პროექტების განხორციელებაზეც.
„ჩვენ კარგად ვიცით, რომ დეველოპერების დიდი უმრავლესობა დამოკიდებულია უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკაზე. საიდან აქვთ დეველოპერებს ფული? – რამდენიმე წყაროა: საკუთარი კაპიტალი, მიმდინარე გაყიდვებიდან მიღებული ფინანსური რესურსი და საბანკო კრედიტი. დაფინანსების წყაროებს თუ დავავიწროებთ, შეგვიძლია, მყიდველი და ბანკი ერთ არხად განვიხილოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში მყიდველის უკან სწორედ ბანკი დგას.
ამდენად, თუ მყიდველი უძრავი ქონების შეძენის განწყობაზე არ იქნება, დეველოპერს ახალი პროექტისთვის დასჭირდება საკუთარი კაპიტალი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ დეველოპერს თავისი პროექტების ასაშენებელი თანხა არ აქვს და მოუწევს კრედიტის აღება. საიდან აქვთ ბანკებს ფული? – ძირითადად, უცხოური კაპიტალის ბაზრებიდან იზიდავენ ფინანსურ რესურსს და იმ შემთხვევაში თუ მოვლენები დრამატულად განვითარდა, მათაც შეეზღუდებათ ტრადიციულ საფინანსო რესურსებთან წვდომა ან/და გაუძვირდებათ. ეს გაძვირება შემდეგ გადმოითარგმნება იპოთეკური სესხების გაძვირებაში, შესაბამისად, მყიდველების რაოდენობის კლებაში და ასე მივდივართ დიდ წრეზე, რაც სასიამოვნო სურათს არ არ ქმნის“, – განაცხადა ზურაბ ერისთავმა.