ბათუმის შერატონის მენეჯერი მეგი ჟღენტი ადასტურებს, რომ წუხელ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი არსებობს და მზად არიან გადასცენ შესაბამის უწყებებს.
როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, პოლიციას, რომელიც ფორმალურად გამოძიებას აწარმოებს, ჯერ ჩანაწერი არც ამოუღია. ის დღეს ადგილზე მისულ ჟურნალისტებთან ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით სასტუმრო ჩანაწერებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ინახავს.
მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს “იმედზე” გასულ რამდენიმეწამიან ვიდეოზე, როგორ აღმოჩნდა ის სამთავრობო ტელეკომპანიის ხელში. სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, ეს არ არის “შერატონის” კამერის მიერ გადაღებული კადრები და მისი თქმით, ერთ-ერთი ადამიანი, ინციდენტს თავიდან ბოლომდე იღებდა.
გიორგი გახარიას თავს დაესახნენ გასულ ღამეს, ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გახარიას თანაგუნდელი ნათია მეზვრიშვილი წერს, რომ თავდასხმის შემდეგ განვითარებულ მოვლენებში იკვეთება მტკიცებულებების განადგურების მცდელობა.
„ოცნების“ ეს წევრები, გახარიამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამავე სასტუმროს ლობიში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია კი გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.