“ასეთ რთულ სიტუაციაში არ მახსოვს ბიზნესი… ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს” – ინტერვიუ

„ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს… ახლა, მხოლოდ და მხოლოდ იმედი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რადგან იმედი ყველაზე ბოლოს იკარგება“, – ეს განცხადება ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას გააკეთა. „დიოს“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიას 2025 წლის გეგმები შედგენა უჭირთ.
– “ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთება არ არის… შენ უნდა გჯეროდეს მომავლის” – რამდენიმე თვის წინ, საპარლამენტო არჩევნებამდე, თქვით „წერტილთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში. დღეს, რა მომავალს ხედავთ დღეს საქართველოში და შესაბამისად, რა განწყობაზეა ბიზნესი?
– სამწუხაროდ, დამაიმედებელი არაფერი მომხდარა ჩვენს ქვეყანაში. მეტიც, კიდევ უფრო გაურკვეველია სიტუაცია და კიდევ უფრო მეტად ღრმა კრიზისში შედის ქვეყანა – როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კრიზისში. აქედან გამომდინარე, ახლა ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ იმედი შეიძლება ჰქონდეს, რადგან ყველაზე ყველაზე ბოლოს იკარგება… ამ წუთში, მე პირადად, ხელმოსაჭიდი არაფერი მაქვს იმისთვის, რომ პოზიტიურად ვიფიქროთ მომავალზე. ჰორიზონტზე არაფერი ჩანს. ამიტომ ძალიან მძიმე სიტუაციაა და უახლოეს თვეებში, შეიძლება კიდევ უფრო მძიმე სურათი განვითარდეს თუ ეს საკითხი არ გადაწყდა.
– ამ ვითარებაში კომპანია რამეს დაგეგმვას ახერხებს?
– ახლა კონკრეტულად ვერაფერს ვერ ვგეგმავთ, რადგან არ ვიცით, რაზე უნდა გვქონდეს გათვლა, რა ტიპის გეგმები შევადგინოთ მიმდინარე წელთან დაკავშირებით და ა.შ. ზოგადად, კი სჯობს, რომ ადამიანებმა დღევანდელი დღით ვიცხოვროთ, ნაკლებად ვიფიქროთ წარსულსა და მომავალზე, მაგრამ ბიზნესში ასე არ ხდება. ბიზნესს გვიწევს ბევრი ფიქრი და წარსულის ანალიზი, მათ შორის შეცდომების და ამის საფუძველზე მომავლის გეგმების შედგენა და უამრავი ანალიტიკის წარმოება, რომ გავუძლოთ კონკურენციას. ბიზნესს ხომ არ აქვს ფუფუნება, ერთადერთი იყოს [ბაზარზე]. ამიტომ ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ასეთ რთულ სიტუაციაში არ მახსოვს ბიზნესი. 29 წლის ხდება „დიო“ და თითქმის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე, ასეთი რთული, თითქოს იმედიც რომ ნელ-ნელა იწურება, სიტუაცია, ქვეყანაში არ ყოფილა. არ ვიცით, საით წავა ქვეყანა… ვხედავთ, რომ ყველაზე ახლო პარტნიორებთან [, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი] ამხელა გაურკვევლობაა და ჩვენ ამისთვის მომზადებულები არ ვიყავით; არ გვაქვს გამოცდილებაა როგორ მოვიქცეთ, როგორ დავგეგმოთ მომავალი. თუ ქვეყანა საბოლოოდ მოწყდა დასავლურ სამყაროს, ეს იქნება კატასტროფის ტოლფასი როგორც მორალურად, ისე ეკონომიკისთვის; უნდა ვიმსჯელოთ, სად შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, რომელი ქვეყნების გარემოცვაში და რა ალტერნატივები გვრჩება, თუ ასე განვითარდა მოვლენები…
– რა ალტერნატივები ჩანს ჰორიზონტზე?
– თუ მოვწყდებით დასავლურ სამყაროს, რჩება აღმოსავლური და ჩრდილოეთ სამყარო… ახლაც ს ეკონომიკაზე საკმაოდ ვართ დამოკიდებული – ნავთობი, ხორბალი რუსეთიდან შემოდის. ასევე, სამწუხაროდ, ბევრი პროდუქცია გადის საქართველოდან ექსპორტზე რუსეთში. ეს სამწუხაროა. არაფრით შეიძლებოდა, ჩვენი ეკონომიკის ამ დოზით რუსეთზე ჩამოკიდება. რუსეთზე, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მტერი და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ის, რომ არ ვყოფილიყავით მასზე დამოკიდებული… მოკლედ, [ვკარგავთ] დასავლეთს და აქეთ მხარეს არის რუსეთი, ირანი, ჩინეთი… ჩვენი ორი დიდი უმსხვილესი ბანკი და რამდენიმე კომპანია მთლიანად ევროპის და დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან არის ურთიერთობაში. წარმოვიდგინოთ, რომ უცებ ხდება მათი აქციების გაუფასურება და ყიდულობს რომელიღაც ჩინური სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ბანკი – ეს შეიძლება იყოს პერსპექტივა… ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, დიდმა ორგანიზაციების შეფასებები, რომელთაც გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ და იციან, როგორი სტრუქტურის ეკონომიკა გვაქვს, რამდენად არის ჩვენი ეკონომიკა დასავლეთის ეკონომიკასთან ინტეგრირებული და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ თუ მათ ბაზარს მოვწყდებით… ისაუბრონ დიდი ბანკების ხელმძღვანელებმა – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ ვერ მოხერხდა კრიზისის მოგვარება და შეთანხმება მთავარ საკითხებზე.
– შეიძლება, ისინი „ოცნების“ ეკონომიკურ გუნდს ესაუბრებიან კიდეც და აფრთხილებენ, მაგრამ თქვენ გულისხმობთ საჯაროდ ამ თემებზე საუბარს?
– დიახ… უნდა აგვიხსნან. იქნება გვეჩვენება რამე?! თუ გვეჩვენება და კარგად აგვიხსნიან, ჩვენც დავმშვიდდებით, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის…