გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ფიზიკური ანგარიშსწორების დროს, სასტუმრო შერატონში, გიორგი გახარია მარტო იმყოფებოდა და მას 10-მდე პირი თავს დაესხა.
ბერდია სიჭინავას ცნობით, სამართალდამცველებს ამ საქმის გახსნა 24 საათში შეუძლიათ.
სიჭინავას თქმით, გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
„როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი და მის გუნდს.
გუშინ, გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო შერატონის ლობიში გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო შერატონის მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.
გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.
ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.