„გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ლიდერ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა.
როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, განცხადებაში აღნიშნულია მოთხოვნები, რომ დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა.
„აჭარის პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება კონკრეტული მოთხოვნებით, მათ შორის: დაადგინონ ყველა შემსრულებლის და დანაშაულებრივი დავალების გამცემის ვინაობა და დაიწყონ ბრალდებულების დაკავების პროცედურა. საქმე სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს პროკურატურამ და შეაჩეროს მტკიცებულებების განადგურება,“ – წერს მეზვრიშვილი.
ცნობისთვის, „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.