თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქში, გმირთა მოედანზე შუქნიშნები დამონტაჟდება და “ზებრა” გადასასვლელები დაიხაზება. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ გზა გაფართოვდება „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური აიღეს. ამ მონაკვეთზე დღის თითქმის ყველა მონაკვეთში საცობია.
„პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დღეს არსებული ვითარება, რაც გადაადგილების თვალსაზრისით გვაქვს, მოგვარდეს და ამ კვანძზე მოძრაობა შედარებით თავისუფალი იყოს. პროექტი დაახლოებით ორ თვეში დასრულდება. დღის განმავლობაში ჩვენ მუშაობას ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ. ამიტომ სამუშაოების შესრულება ძირითადად ღამის საათებში მოგვიწევს“, – თქვა კახა კალაძემ.
გმირთა მოედანი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო კვანძია. ამ ადგილის გავლა უწევთ ვაკისკენ, საბურთალოსკენ, ვერისა და სანაპიროებისკენ მიმავალ მძღოლებს, ქვეითებისთვის მოწყობილი მიწისქვეშა გადასავლელები კი ხშირად დაბინძურებულია.