თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 მულტიფუნქციური ცათამბჯენის აშენების მიზნით, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებაზე თანხმობა უკვე გაცემულია.
2008 წელს დანგრეული ყოფილი რესტორანი „არაგვის“ მიწის ნაკვეთის და მის მიმდებარედ 58 859 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში სხვადასხვა პროექტის განხორციელება იგეგმებოდა. ერთ-ერთი მათგანი, ეროვნული ბანკის სათავო ოფისის მშენებლობის გახმაურებული საქმე იყო. ეროვნულმა ბანკმა ახალი შენობის აუცილებლობაზე განცხადება 2019 წლის ოქტომბერში გააკეთა და იმავე წლის ბოლოს საპროექტო დიზაინის კონკურსში გამარჯვებულ GLMV Architecture-სთან 2,537,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებაც გააფორმა, თუმცა მუნიციპალიტეტის მთავრობამ პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა დაიწუნა, ამიტომ სებ-სა და კომპანიას შორის ხელშეკრულება გაუქმდა. არქიტექტურული პროექტის თანახმად, შენობის შიდა ფართობი 17,000 კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო, მთლიანობაში პროექტის განვითარების ღირებულება კი 50 მილიონ ლარამდე იყო შეფასებული, რამაც მთავრობის წევრებში კრიტიკა გამოიწვია.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს კი ტერიტორიის მფლობელებმა შპს „ევ დი ეს მოდიკუმმა“ და შპს „სითი ცენტრი 2“ -მა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე თანხმობა მიიღეს.
„ტერიტორიის არეალი არის 58 859 კვ.მ. საპროექტო ტერიტორიას აღმოსავლეთით მიუყვება ჰეიდარ ალიევის სანაპირო, დასავლეთით მდებარეობს ცირკის შენობა, ჩრდილოეთით – „ქინგ დევიდის“ რეზიდენციები, ხოლო სამხრეთით – გმირთა მოედანი და ლაგუნა ვერე.
საპროექტო ტერიტორიას აქვს არაერთგვაროვანი რელიეფი – ცენტრალური ნაწილი არის ბრტყელი, ხოლო აღმოსავლეთით არსებული ფერდობი არის ქანობიანი – საშუალოდ რელიეფი მერყეობს 390-დან 430 ნიშნულებამდე.
დღეის მდგომარეობით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით (#39-18), საპროექტო ტერიტორიაზე ვრცელდება რეკრეაციული ზონა 2, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სატრანსპორტო ზონა 1 და რეკრეაციული ზონა 1.
შეზღუდვების მიხედვით არეალს ფარავს ისტორიული ნაწილის დამცავი ზონები, ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონა, ჯიხურების აკრძალვა და გარე ვაჭრობის შეზღუდვის არეალი.
საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის ნაწილობრივ საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ით (52 000 კვ.მ) და ნაწილობრივ სარეკრეაციო ზონა 1-ით (6 859 კვ.მ) განვითარება, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით. ასევე დამატებით სსზ-2-თან ერთად დამატებით 3000 კვ.მ-ზე დაედება გამწვანების ფენა, კერძოდ ურბანული გამწვანება (შიდა კვარტალური, რაც დამატებითი შეზღუდვა იქნება შენობის განთავსების არეალთან მიმართებაში. საპროექტოდ დაგეგმილია 4 მაღლივი შენობის აშენება, მაქსიმალური სიმაღლე იქნება 180მ. ოთხივე შენობისთვის მოეწყობა ერთიანი პედესტალი, რომელიც განვითარდება კომერციული ფუნქციით (ჯამში სულ 5 შენობა-ნაგებობა). შენობების დეტალური პროცენტული გადანაწილება იქნება 78% კომერციული და 22% საცხოვრებელი, მაგრამ ზუსტი პროცენტულობა დაზუსტდება გრგ-ს შეთანხმების ეტაპზე. საპროექტოდ, კანონმდებლობით მოთხოვნილი ყველა ავტოსადგომი განთავსდება მიწისქვეშ“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, შპს „ევ დი ეს მოდიკუმის“ დირექტორი აკაკი სონღულიაა, რომელიც ამავე დროს კომპანია „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებელია. კომპანიის 50-50%-იან წილებს კი შპს ევოლუშენ დეველოფმენთი და შპს სითი ცენტრი ფლობს. თავის მხრივ „სითი ცენტრის“ დირექტორი აკაკი სონღულიაა, 100%-იანი წილის მფლობელი კი კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია „სოფიცა ჰოლდინგს ლიმიტედი“ (SOFITSA HOLDINGS LIMITED). შპს ევოლუშენ დეველოფმენთის მმართველი და მფლობელი კი აკაკი სონღულიაა.
რაც შეეხება „სითი ცენტრ 2“- ს, მისი მფლობელი პანამაში რეგისტრირებული კომპანია „თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი.“-ია, დირექტორი კი გიორგი შეყრილაძე. გარდა ამისა, ცნობილია, რომ წლების წინ ბიზნესმენი რომან ფიფია მედიასთან ადასტურებდა, რომ კომპანია „სითი ცენტრი“ მის საკუთრებაში არსებული ჰოლდინგის „ლოიალ კაპიტალ გრუპის“ ნაწილი იყო და ტერიტორიაზე სასტუმრო „ჰაიატის“ მშენებლობის სურვილი ჰქონდა, რომელზედაც ნებართვა ვერ მიიღო.