დაკავებულია სამხრეთ კორეის პარლამენტის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული პრეზიდენტი

სამხრეთ კორეის პოლიციამ სეულში, პირად რეზიდენციაში დააკავა ქვეყნის პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებული იუნ სოკ იოლი. ის კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხებაშია ეჭვმიტანილი 2024 წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო.
იუნ სოკ იოლი ბრალდებას უარყოფს.
სეულის საოლქო სასამართლომ იუნ სოკ იოლის დაპატიმრების ორდერი 2024 წლის 31 დეკემბერს გასცა, თუმცა, პოლიცია დღემდე, 15 იანვრამდე აღსრულებას ვერ ახერხებდა პირადი დაცვის წინააღმდეგობის გამო. ორდერის გაცემამდე იუნი დაკითხვაზე რამდენჯერმე არ გამოცხადდა.
ამჯერად, იუნ სოკ ოლის დასაკავებლად 3000-ზე მეტი პოლიციელი გაგზავნეს. იუნის პირად რეზიდენციასთან იმყოფებოდა მისი რამდენიმე ასეული მხარდამჭერიც.
როგორც სააგენტო AP წერს, დაკავების შემდეგ იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ კანონის უზენაესობა მთლიანად ჩამოიშალა, დაკითხვას კი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დასთანხმდა. ადვოკატების ინფორმაციით, იუნს დღეს დაკითხავენ.
სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის მთავრობის ოპოზიციაში მყოფმა უმსხვილესმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ, დემოკრატიულმა პარტიამ იუნ სოკ იოლის დაპატიმრებას უწოდა ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი.
2024 წლის 3 დეკემბერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა მოულოდნელად გამოაცხადა, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობის რეჟიმს აწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, უკან დაიხია. 4 დეკემბერს მთავრობა იძულებული გახდა, საომარი მდგომარეობა გაეუქმებინა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაებრუნებინა.
საომარი მდგომარეობა ითვალისწინებდა პარლამენტის მუშაობის და პოლიტიკური პარტიების აკრძალვას.
იუნ სოკ იოლმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აუცილებელია „კომუნისტური ძალებისგან” კონსტიტუციური წესრიგის დაცვა და ჩრდილოეთ კორეისგან მომდინარე საფრთხის აღკვეთა. კონკრეტულად რა საფრთხეა ეს, გარდა იმისა, რომ ორი ქვეყანა უკვე დიდი ხანია ომის მდგომარეობაშია, იუნ სოკ იოლს არ უთქვამს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ოპოზიციური დემოკრატიული პარტია „საკანონმდებლო დიქტატურაში” დაადანაშაულა, პარლამენტს „დამნაშავეთა ბუდე” უწოდა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით ახდენს სახელმწიფოს ფუნქციების პარალიზებას, როცა ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, 2024 წლის გაზაფხულიდან ინტენსიურად ცდილობს მთავრობის წამყვანი წევრებისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას.
დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აქვს, პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. მისი უარის შემდეგ, 14 დეკემბერს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით იუნ სოკ იოლს იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
სამხრეთ კორეაში კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ამბოხების ორგანიზების ბრალდებით დაპატიმრებულია რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანიც, მათ შორის თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს მონიტორინგის მისიის დაინტერესების საფუძველზე, აღვნიშნე, რომ ხელისუფლება დიდ სამუშაოს ატარებს, რათა ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური, არსებითი ნაბიჯები დროულად იქნეს გადადგმული

გიგი წერეთელი – პოლიტიკურ ოპონენტებზე – გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დამახასიათებელია ავტოკრატიული რეჟიმებისთვის და ამას არ შეეგუება არც ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო საზოგადოება