ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა ONT-მ გადაიღო ფილმი, რომელშიც ნაჩვენები არიან რადიო თავისუფლების დაპატიმრებული ჟურნალისტები. ისინი სასჯელს იხდიან მას შემდეგ, რაც დაკავებულ იქნენ ხელისუფლების მიერ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის უპრეცედენტო კამპანიის დროს.
14 იანვრის საღამოს არხმა აჩვენა ფილმის პირველი ეპიზოდი ბელორუსული სამსახურის ჟურნალისტ ანდრეი კუზნეჩიკზე, იუწყება რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური. სერიალის ბოლოს გამოცხადდა ანონსი – ეპიზოდი იჰარ ლოსიკის შესახებ. კვირის განმავლობაში გეგმავენ კიდევ ერთი გადაცემის ჩვენებას ჟურნალისტ იჰარ კარნეის შესახებ. უფლებადამცველების მიერ ისინი ყველანი პოლიტპატიმრებად არიან აღიარებული.
კუზნეჩიკი გადაიღეს ციხის პირობებში, სავარაუდოდ, მინსკში, კგბ-ს წინასწარი დაკავების იზოლატორში. ჟურნალისტი 2021 წლიდან იმყოფება ციხეში. ის თავდაპირველად წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2022 წლის 8 ივნისს მოგილიოვის რაიონულმა სასამართლომ მას 6 წლით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით. დახურული სასამართლო პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა, საქმის გარემოებები უცნობია.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იჰარ ლოსიკი დააკავეს 2020 წლის 25 ივნისს დილით, ბარანოვიჩში, საკუთარ სახლში. მას ბრალი ედებოდა მასობრივი არეულობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაში, ასევე სიძულვილის გაღვივებაში. 2021 წლის 14 დეკემბერს სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორში, დახურულ სხდომაზე, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2023 წლის მარტში სასამართლომ რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის შტატგარეშე ჟურნალისტს იჰარ კარნეის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობის ბრალდებით. დეკემბერში მას სასჯელი გაუხანგრძლივეს, ჟურნალისტს ბრალად წაუყენეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისადმი ურჩობაში.




