მოთხოვნა შემცირდა 30%-ით, მომსახურება გაძვირდა 20%-ით – სილამაზის სალონების ფედერაცია

საქართველოში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დეკემბერში, წინა პერიოდთან შედარებით, სალონურ მომსახურებაზე მოთხოვნა 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამასთან, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, ფასები 20%-ით გაიზარდა.
„რა თქმა უნდა, აისახა, ის ვითარება, რაც ქვეყანაშია. მოთხოვნა შემცირდა დაახლოებით, 30%-ით, შეიძლება, მეტით, გააჩნია სალონს და ადგილმდებარეობას. სადაც გადაკეტილი იყო ქუჩები და მიმოსვლა შეიზღუდა, რა თქმა უნდა, იქ უფრო მეტად არის ასახული. მაგრამ, საერთო ჯამში, ყველგან იქონია გავლენა.

სხვა მხრივ, 2024 წელი, სექტორისთვის ჩვეულებრივი წელი იყო, თუ არ ჩავთვლით ბოლო პერიოდის ამბებს.
რაც შეეხება ფასებს, გასულ წელს მომსახურება გაძვირდა 20%-ით. ეს განაპირობა პროდუქტის ფასების ზრდამ. გაძვირდა ზოგადად ცხოვრება და ჩვენთან ფასი იგივე ვერ დარჩებოდა. უფრო მეტად, სალონური მომსახურებები გაძვირდა, ესთეტიკური მიმართულებით, მაინც შეინარჩუნეს“,- ამბობს თამარ შარაშენიძე.
ამასთან, სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელი, 2024 წლის შეჯამებისას აღნიშნავს, რომ გამოწვევად კვლავ რჩება კადრების კვალიფიკაცია.
გამოწვევად რჩება კადრების კვალიფიკაცია. სხვათა შორის, ძალიან კარგი სქემა იყო ის, რომ სახელმწიფომ დაიწყო იმ აკადემიების დაფინანსება, რომლებიც აკრედიტაციას გაივლიდნენ და წაახალისა პროფესიული დარგობრივი მიმართულებები. თუმცა, რამდენად კვალიფიციურია ის კადრი,რომელიც აკადემიას დაამთავრებს და ვინ ახდენს ამის მონიტორინგს, თვითონ დაფინანსების კუთხითაც არის გარკვეული შენიშვნები და პრობლემები, რაც გამოსასწორებელია. იმისთვის, რომ მომსახურება იყოს ხარისხიანი“,- ამბობს თამარ შარაშენიძე.
შეგახსენებთ, რომ უკვე 47-ე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
წყარო: www.bpn.ge