ხვალ 15:00 საათიდან 18:00 საათამდე საქართველოში საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. პროტესტის ამ ფორმას უერთდებიან სხვადასხვა კომპანიების დასაქმებულები.
პლატფორმა Freebusiness-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ პლატფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე მათ მხოლოდ ინფორმაციის გამავრცელებლის როლი ექნებათ. ისინი ხვალინდელ გაფიცვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველა კომპანიას მიაწვდიან, რომლებიც თავად გადაწყვეტენ თუ რა ფორმით და მასშტაბით შეუერთდნენ პროტესტს.
“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი განცხადება ვიწრო ფორმატისაა, ნებისმიერი განცხადება, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ამ განცხადებიდან გამომდინარეობს. გაფიცვასთან მიერთება freebusiness-ის მანდატს სცდება. ამ პოზიციას ჩვენ ვერ დავაფიქსირებთ. თითოეულმა კომპანიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს მიურთდება თუ გაიფიცება, ზოგს ტექნიკურად შეიძლება ამის საშუალება არ აქვს. ჩვენი მხრიდან, რასაც გავაკეთებთ ინფორმაციის მიწოდება იქნება, შეიძლება ეს ინფორმაცია ზოგიერთ კომპანიამდე არ მისულა. ჩვენ ყველა მათგანს მივაწვდით საინფორმაციო სახის მესიჯს აქციის ფორმის შესახებ.
თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრეცედენტი ჩემთვის, როგორც გიორგი ჩუგოშვილისთვის არის ძალიან კარგი, იმ კუთხით, რომ ეს არის ბიზნესის ხმა, რომელიც ძალიან ხმამაღლა ისმის და ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა”, – ამბობს Freebusiness-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.
