ლაშა გაბიტაშვილი არის ამ ქვეყნის გამორჩეული მოქალაქე. მე ამ ადამიანს პირადად ვიცნობ. ის არც „ნაციონალური მოძრაობის” წევრი და არც მომხრე გახლავთ – წინა დღეს თავმოყვარეობა არ ჰქონდათ და მეორე დღეს უცბად გაუჩნდათ? ვის ატყუებენ? – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, სადაც „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ფსევდო ფასეულობები.
„ლაშა გაბიტაშვილი არის ამ ქვეყნის გამორჩეული მოქალაქე. მე ამ ადამიანს პირადად ვიცნობ. ის არც „ნაციონალური მოძრაობის” წევრი და არც მომხრე გახლავთ. რა კაცობაზე და ადამიანობაზე ლაპარაკობენ?! – ცოლთან ერთად კაცი საუზმობდა და გვერდით ერთი წლის ბავშვი იყო, რა დროსაც მიდიან და ყოველგვარი წინასწარი თქმის გარეშე, ტურებივით თავს ესხმიან. ყველამ ვიცით, რომ რაც არ უნდა მოსისხლე მტერი იყოს, როცა კაცი ქალთან ერთად არის, არ უნდა მიხვიდე და არაფერი არ უნდა უთხრა… რა ქართველობაზე და კაცობაზე მელაპარაკება ზარქუა? – ჩემს მეგობარს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა, მას მოუწყვეს ფიზიკური დაპირისპირება, 3-4 ადამიანი თავს დაესხა და შემდეგ ზარქუამ უჩივლა. რომელ ბიჭობაზე, ქართველობაზე, კაცობაზე მელაპარაკება?
თავმოყვარეობა ერთ დღეს არ გაქვს და მეორე დღეს გიჩნდება? წინა დღეს თავმოყვარეობა არ ჰქონდათ და მეორე დღეს გაუჩნდათ? ვის ატყუებენ? წინა დღეს ხომ ვნახეთ, რა მოხდა. ღირსება, თავმოყვარეობა, თუ ერთ დღეს არ გაქვს, მეორე დღეს უცბად ვერ გაგიჩნდება, თან მაგ ასაკში! ამ ადამიანებს აქვთ ფსევდო ფასეულობები, ესენი ხომ ქრისტიანები არ არიან”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, ფავლენიშვილმა გადაცემაში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც ისაუბრა, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის დანაშაული უნდა გამოიძიოს და 2003-2012 წლებში მომხდარ მოვლენებზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს.
მისივე განმარტებით, დღეს გასამართლებაზე საუბარი რელევანტური თემა არ არის. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, „ის ადამიანები, რომლებიც მტრის ხატით ჰყავდათ ივანიშვილის პროპაგანდას გამოყვანილი, პოლიტიკურ ასპარეზზე აღარც არიან“.
„ალბათ, მთელ რეგიონში „ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე რეპრესირებული პოლიტიკური ძალა, იმიტომ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში უკვე ყველა ფაქტობრივად, გარკვეული ტიპის დევნის ქვეშ იყო. ჩვენ გვყავს არა მხოლოდ პოლიტიკური დამფუძნებელი, ლიდერი ციხეში, არამედ ფაქტობრივად, ყველა ლიდერი იყო ციხეში ან მათზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. ჩვენი ათიათასობით მომხრე სხვადასხვა დროს დაბარებული იყო დაკითხვაზე, ასევე ათიათასობით მომხრე არის დევნილი – დაუყადაღეს, ბიზნესი წაართვეს, სამსახურებიდან გაათავისუფლეს. ამ ყველაფრის შემდეგ რომელ რეპრესიაზე [საუბრობენ], მეტი რა უნდა ქნან? ხომ არ დახვრეტენ მართლა? ერთადერთი დარჩა, როგორც 1992 წლის იანვარში სამხედრო ხუნტამ დახვრიტა მშვიდობიანი დემონსტრაცია, ფაქტობრივად, ესღა დარჩა „ნაციონალური მოძრაობის” მომხრეების მიმართ.
თუ ამ თვეების განმავლობაში ამ სისტემის დემონტაჟი ვერ მოხერხდა. „ნაციონალურ მოძრაობას” კი არა, ამ ქვეყანაში არაფერს აღარ ექნება აზრი, არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, არცერთ მედიასაშუალებას და არცერთ სამოქალაქო ორგანიზაციას. რეჟიმი ან სრულად დაამყარებს დიქტატურას ქვეყანაში, ან მოხდება დემოკრატიზაციის ახალი ტალღის დაწყება ქვეყანაში და ამ სისტემის დემონტაჟი“, – აღნიშნა ფავლენიშვილმა.