არჩილ გორდულაძე მზია ამაღლობელის საქმეზე – მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?! – ჩემი ქმედება კანონის დარღვევა!

მე რომ ავდგე და რომელიმე თქვენგანს ხელი გავარტყა, რა რეაქცია გექნებათ?! – ერთი რომ, ეს მორალურად დასაგმობია და მეორე, ჩემს ქმედებაში კანონის დარღვევის ნიშნები იქნება! თქვენ თვითონვე ადგებით და ჩემს წინააღმდეგ პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვთ, რაშიც აბსოლუტურად მართლები იქნებით! კანონის წინაშე ყველა თანასწორია! – ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, „ეს ადამიანი საკუთარ ქმედებაზე სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს“.

„ერთი რამ ყველამ გაითავისოს – კანონთან მიმართებაში არავითარი ინდულგენცია არ არსებობს და კანონისა და სამართლიანობისთვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული ადამიანი რა თანამდებობას იკავებს და რა საქმიანობით არის დაკავებული.

ყველა ვალდებულია, დაიცვას კანონი და პატივი სცეს იმ საწყისს, რაზეც დემოკრატიული ქვეყანა დგას. დემოკრატიულ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა იყოს და ეს არის ჩვენს ქვეყანაში.

როდესაც სამართალდამცავს ესხმი თავს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და პასუხი ყველას დაეკისრება.

ყველამ დაიმახსოვროს, რომ ნებისმიერ ქმედებას და განცხადებას შესაბამისი პასუხისმგებლობა აუცილებლად მოჰყვება.

ადამიანები, რასაც ვმოქმედებთ და რასაც ვამბობთ, ამაზე ჩვენ სრულად უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი.

მე სასამართლო გადაწყვეტილების შემფასებელი ვერ ვიქნები. პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ არის, რომ დამოუკიდებელი სახელისუფლო შტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ ფორმით შეაფასოს. მიიღო გადაწყვეტილება პროკურატურის მიმართვის საფუძველზე? – დიახ, მიიღო! აქვს მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება? – დიახ, აქვს! აქვს მხარეს შესაძლებლობა საკუთარი უფლებების დაცვას? – დიახ, აქვს! შესაბამისად, სამართლებრივი საფუძვლები არსებობს – მიმართონ სასამართლოს თუ ნებისმიერ სხვა ორგანოს, რათა საკუთარი პოზიცია დაიცვან და საკუთარი ქმედებებისთვის პასუხი აგონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ს საქალაქო სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.