ლევან მაჭავარიანი – ჟურნალისტობა ინდულგენციას არ უნდა წარმოადგენდეს – დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სტანდარტის შესაბამისია და ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული

ჟურნალისტობა ინდულგენციას არ უნდა წარმოადგენდეს – დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სტანდარტის შესაბამისია და ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებში იქნება მიღებული, – აღნიშნული შეფასება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.
მაჭავარიანის თქმით, „ამ ქალბატონმა პოლიციელს სილა გააწნა, რაც ყოვლად აღმაშფოთებელია”.
„მერწმუნეთ, ასეთი კადრი ისეთ ქვეყნებში რომ გვენახა, როგორიცაა , დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლიციელთა მხრიდან გაცილებით მკაცრ ფორმებს ვიხილავდით. ეს ქალბატონი უბრალოდ დაკავებულია.
ის, თუ როგორ შეფასდება მისი ქმედება პროკურატურის თუ მოსამართლეების მხრიდან, ეს თავიდან ბოლომდე მათი პრეროგატივაა და მე მათ საქმეში არ ჩავერევი”, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი იმასაც ამბობს, რომ როდესაც საპროტესტო აქციები მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იმის გაპროტესტება, რასაც ის გასაპროტესტებლად მიიჩნევს და მას ამაში ხელს არავინ უშლის.
„თუ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა შეუძლიათ ქუჩა გადაკეტონ. მნიშვნელოვანია ის, რომ კონსტიტუციით და კანონით დადგენილ ჩარჩოებს არ გასცდნენ. ასეთ შემთხვევაში არც პოლიციის მხრიდან ისმის აქციის დაშლის მოწოდება – ჩვეულებრივ აპროტესტებენ, მიდიან და მოდიან, როგორც უნდათ და რა დროსაც უნდათ”, – განაცხადა მაჭავარიანმა.