„ამოსასვლელები მოყინულია, ბავშვები ილეწებიან… ამ სეზონს ბაკურიანი სრულად მოუმზადებელი შეხვდა“ – სასტუმრო „ჰილსი“

მიმდინარე ზამთრის სეზონზე, ტრადიციულად, მთის კურორტებიდან უკმაყოფილო დამსვენებლების მიერ გადაღებული კადრები ვრცელდება. უშუქობა, უწყლობა და კილომეტრიანი საცობები- ზამთრის კურორტები ამ გამოწვევების წინაშე წელსაც დგას, არადა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მათ მუშაობას ისედაც აფერხებს.
დიდველში, სასტუმრო „ჰილსის“ მენეჯერი „კომერსანტს“ უყვება, რომ საცობებს ძირითადად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქმნის, ბაკურიანში ტროტუარები თითქმის არ არსებობს, რის გამოც დასუფთავების მანქანების გადაადგილება უჭირთ. რთულია, მარილის დაყრაც, რის გამოც დამსვენებლებს საფრთხე ექმნებათ. ნათია ლეჟავა, აღნიშნავს, რომ წელს ბაკურიანი ტურისტულ სეზონს განსაკუთრებით მოუმზადებელი შეხვდა.
„საპარკინგე ზონების პრობლემა, გზის პრობლემა, ნაგვის გატანის პრობლემა- ეს ყველაფერი მთლიანად მოუწესრიგებელია, ამ სეზონს ბაკურიანი სრულად მოუმზადებელი შეხვდა.
ჯერ ერთი, გზაზე მარილი არ იყრება. ამბობენ იმიტომ, რომ ბიატლონი ტარდებაო. ვერ ვიგებ, რა კავშირი აქვს ამას ჩვენთან, დიდველი საერთოდ სხვა მხარეს არის, ჩემპიონატიც თებერვლამდე არ იწყება. ამოსასვლელებზე ძალიან ცუდი სიტუაციაა, სულ მოყინულია, ბავშვები ილეწებიან. მარილის დაყრას ტექნიკა სჭირდება, იმას უნდა მიჰყვეს მანქანა, ეს რესურსი ალბათ, არ აქვთ.
დასუფთავებაზე დღე და ღამე მუშაობენ, რეაგირება აქვთ ყველაფერზე, მაგრამ რადგანაც საპარკინგე სივრცე არ არის, ურნები იკეტება და დასუფთავება ვერ მუშაობს. შესაბამისად, მიღწევადი არ არის და ტროტუარები არ არის, ეს პრობლემას ქმნის. ტურუსტულ ზონად ყოფნაზე გვაქვს პრეტენზია და ამ ყველაფერს ტურისტი რომ ხედავს, ცუდია”,- ამბობს ლეჟავა.
მისივე თქმით, “ჰილსის” დამსვენებლების ძირითადი ნაწილი ქართველია.
„ჯავშნებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს, დატვირთვა დიდია. მე ამას უფრო იმას ვუკავშირებ, რომ გუდაურში თოვლი არ იყო და ბაკურიანი უფრო დაიტვირთა. ახალი წლების პერიოდში განსაკუთრებით, დიდი იყო მოთხოვნა, საათობრივი საცობები იდგა, ახლა შედარებით ნაკლებია. ასეთი დატვირთვისთვის მზად არ იყო ბაკურიანი. ჩვენ სტუმრებს ძირითადად Booking-იდან ვიღებთ, მაგრამ 80% ძირითადად ადგილობრივია, როგორც ჯგუფებისთვის ასევე ოჯახებისთვის”,- აღნიშნა სასტუმრო ,,ჰილსის” დირექტორმა, ნათია ლეჟავამ.