ბიზნესმენ თამაზ დაუშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ [ბიზნესმენების შესაძლო სანქცირებაზე] გვიწევს საუბარი. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ “რადიო თავისუფლების” სტატიის თანახმად, აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას 9 იანვარს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო 26 სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია, რომელთა დასანქცირებაა მოთხოვნილი. აღნიშნულ პირებს შორის რამდენიმე ქართველი ბიზნესმენია.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ საკითხზე გვიწევს საუბარი… რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია, ეს ერთი საკითხია, მაგრამ როცა ქვეყანაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, გვიწევს საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, დასანქცირდეს ქვეყნის ხელმძღვანელობა და ასევე, ბიზნესმენები… იცით, აქამდე ჩვენ არ უნდა მივსულიყავით.
მე გამიჭირდება შეფასება, რამდენად სამართლიანი შეიძლება იყოს ეს [შესაძლო სანქცირება]… ამდენად ვფიქრობ, პირველი – ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს ადამიანები, ვინც ამ სიაშია, პირველ რიგში, თავის პოზიციას დააფიქსირებენ, როგორ უყურებენ ქვეყნის განვითარებას, რათა ეს ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არ შევიდეს. მეორე – თავის პოზიციას გაარკვევენ იმ ხალხთან, ვისაც ხელეწიფება ამ სანქციების დაწესება.
ზოგადად, სანქციები არაა კარგი – არც – ერთის, არც – ათის და არც ოცდაათის. აქამდე არ უნდა მივსულიყავით. 30 წლის მანძილზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყო აშშ და მასთან შეწყდა სტრატეგიული ურთიერთობები. შეიძლება ახლა არ ჩანს [შედეგი] – არ აიკრიფნენ ამერიკელები და არ წავიდნენ საქართველოდან, მაგრამ ეს არის უკვე ნიშნები, რა შედეგი მოაქვს გარემოებას, რომელიც შეიქმნა საქართველოში“, – განაცხადა კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა.
ბიზნესმენის აზრით, საქართველოში „არაფრისთვის საჭირო დაპირისპირება“ უნდა დავასრულოთ.