თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ოპოზიციასთან შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერიც.
„ეს არის სერიოზული კონფლიქტი ავტოკრატიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის. ჩვენ, ევროპელი ლიდერები ვალდებული ვართ, რომ ავიმაღლოთ ხმა, თუ დემოკრატია ზეწოლის ქვეშ არის. ამიტომ მინდა მივმართო მმართველ პარტიას, რომ სიტუაციის ერთადერთი შანსი მას შემდეგ, რაც არჩევნები გაყალბდა, ახალი არჩევნების დანიშვნაა. გაყალბებული არჩევნების და კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ახალი არჩევნები, რათა ნდობა აღდგეს“, – განაცხადა მიხაილ როთმა [„მთავარი არხის“ თარგმანი].
როგორც „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, შეხვედრაზე განიხილეს სანქციების ევროკავშირის დონეზე დაწესების საკითხი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა დაიწყეს ერთობლივ სანქციებზე მსჯელობა და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხი [ევროკავშირის დონეზე] რაც შეიძლება სწრაფად დაიძრას ადგილიდან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„ერთობა ნაციონალური მოძრაობის“ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმითაც, გერმანელ პოლიტიკოსთან სანქციების საკითხი განიხილეს.
„ეს ვიზიტი არის ხალხის და იმ პროტესტის უპირობო მხარდაჭერა, რომელიც დღეს საქართველოში არის. გერმანიამ უკვე უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა. პირველად შეუზღუდა მან საქართველოდან 9 პირს [გერმანიაში] გადაადგილება, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ამაზე კონსენსუსი არ იყო. ფაქტობრივად, საქართველოს გამო გერმანია ახალ პრეცედენტებს ქმნის. ველით ამის შემდეგ კიდევ მუშაობას, მათ შორის, ვაიმარის სამკუთხედის პირობებში არის საუბარი როგორც ფინანსურ სანქციებთან, ასევე სხვა მექანიზმებთან, რომელიც უნდა ამოქმედდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში არჩევნების ჩატარების შემდეგ, მიხაილ როთი აპირებს აქტიური პოლიტიკიდან წავიდეს, ის საქართველოს საკითხებით დაინტერესებული დარჩება.
„მიუხედავად იმისა, რომ ის [მიხაილ როთი] აღარ იქნება გერმანიის აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მას აქვს ძალიან დიდი სანაცნობო წრე და სამეგობრო გერმანიის პოლიტიკურ წრეებში. ის აპირებს, რომ დარჩეს ისევ აქტიურად ჩართული ქართულ პოლიტიკურ საკითხებში. გვითხრა, რომ ჩვენთან კომუნიკაციას შეინარჩუნებს და თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ რაღაცაში შეიძლება დაგვეხმაროს, ნებისმიერ დროს იქნება ჩვენთან კავშირზე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.