საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის, პეტიციას ხელი თავადაც მოაწერა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
“მე ვთქვი, რომ ხელს მოვაწერ მარტო იმის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზებენ ხელმოწერას ამ პეტიციაზე. მე მიმაჩნია ანომალიად, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს მოქმედი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრეზიდენტი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკოსი. ინსტიტუტების პატივისცემა გულისხმობს არა უბრალოდ პოლიტიკოსების, არამედ ამ ინსტიტუტების დამკავებელი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობის მიცემას.
შესაბამისად, მე მომიხდა მცირე ულტიმატუმის – არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ გარკვეული მოთხოვნის – წაყენება, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა ასეთ პეტიციაზე ხელმოწერის უფლება და მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა დღეს არის ამ პეტიციაზე, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი მოთხოვნა ჩემი მხრიდან და ეს მოთხოვნა შესრულდა. ბუნებრივია, ჩემი ხელმოწერაც არის ამ პეტიციაზე”, – აღნიშნავს ის.
ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. შენი ხმა ევროპას კამპანიის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის ელჩები. პრეზიდენტის მიწვევა მიიღეს ოპოზიციის წევრების ნაწილმაც.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, გასულ დღეებში მმართველი პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მოწვევას არ იღებდნენ და ღონისძიებას არ დაესწრებოდნენ.
პარალელურად, სასახლესთან შეკრებილები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები – მათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანია, “საქართველოს არ ჰყავდეს პუტინის პირადი ტყვე”.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პეტიციას მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ხელმოწერაზე უარს აცხადებდა მანამ, სანამ იქ მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არ იქნებოდა.
ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიწვია, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პრემიერები, მინისტრები.
2023 წლის 8 ნოემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააინიცირა პეტიცია, სახელწოდებით “ჩვენი ხმა ევროპას”. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე სთხოვს, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.