საქართველოს სავალუტო რეზერვები ბოლო ერთ წელიწადში 1.03 მილიარდი დოლარით შემცირდა, ოქტომბერში კი – 627 მლნ დოლარით, რაც ყველაზე მსხვილი ერთთვიანი კლებაა. წლიური კლების ყველაზე დიდი წილი ოქტომბერზე მოდის, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ეროვნულმა ბანკმა 200 მლნ დოლარზე მეტი გაყიდა ღია აუქციონზე. ეროვნული ბანკი დოლარს ასევე ყიდის/ყიდულობს Bmatch პლატფორმის მეშვეობით, თუმცა ინფორმაცია გაყიდული დოლარის რაოდენობის შესახებ მხოლოდ შემდეგი თვის ბოლოს საჯაროვდება, შესაბამისად, 25 ნოემბერს ზუსტად გვეცოდინება, რამდენი მლნ დოლარი გაყიდა სებ-მა წინასაარჩევნოდ.
რა მოცულობის რეზერვი დარჩა ქვეყანას?
ამ დროისთვის ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 4.08 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, აქედან თითქმის 3.5 მილიარდი დოლარი ფინანსურ აქტივებშია განთავსებული, 627 მლნ დოლარზე მეტი კი მონეტარულ ოქროში, რომელიც ეროვნულმა ბანკმა წელს პირველად შეიძინა. ექსპერტების ნაწილმა მაშინ 7 ტონა ოქროს შეძენა სანქციებისგან თავდაცვას დაუკავშირა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი [IMF] ჯერ კიდევ მაისში, როცა საერთაშორისო რეზერვები 5 მილიარდ დოლარამდე იყო, წერდა, რომ ის ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.
საარჩევნოდ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად
„პრობლემა ის კი არ არის, რომ ეროვნულმა ბანკმა ვალუტა გაყიდა და ლარი კატასტროფული გაუფასურებისგან იხსნა, არამედ პრობლემა ის გახლავთ, რომ ეროვნული ბანკი მალავდა მიზეზს, რატომ მოუწია ჩვენი რეზერვების ასე უმოწყალოდ გაფლანგვა. ამბობდა, რომ ეს რაღაც ერთჯერადი ტრანზაქციების საკითხია, თუმცა სინამდვილეში ხელს აფარებდა „ქართული ოცნების” დანაშაულებრივ საარჩევნო კამპანიას”, – გვეუბნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
მისივე თქმით, მთელი წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა მყარ ლარს, თუმცა სექტემბერში „ქართული ოცნებისა” და მისი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურმა კამპანიამ ნათლად აჩვენა, რომ მთავრობა დასავლეთისკენ არ მიდიოდა. ამან კი საზოგადოებას და ბიზნესს უარყოფითი მოლოდინები შეუქმნა, რაც შემდეგ უკვე ლარის კურსზე აისახა.
„მთავრობის საარჩევნო კამპანიამ რეზერვები ლამის განადგურების ზღვრამდე მიიყვანა”, – გვეუბნება გოცირიძე და ამატებს, რომ რეზერვების მოცულობა 5.4 მილიარდ დოლარს [აქამდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულს] რომ დაუბრუნდეს, ამას მრავალი წელი დასჭირდება.
„ერთადერთი პერიოდი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი [დოლარი] იყიდა, ვიდრე გაყიდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგი პერიოდი [2022-2023 წლები] იყო. დაახლოებით 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა რეზერვები, მაგრამ ეს არ იყო ეკონომიკიდან შემოსული ფული, არამედ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის შედეგი, რომლებმაც ჩამოიტანეს ან გადმორიცხეს აქ ფული”, – ამბობს რომან გოცირიძე.