კომპანია “აგროქიზიყის” დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, ვაჭრობა შემცირებულია, ინვესტორები კი ინვესტიციებისგან თავს იკავებენ. მისი პროგნოზით, შემდეგ 3 თვეში ვითარება კიდევ უფრო გართულდება.
ბექა გონაშვილი ფიქრობს, რომ სიტუაციის განსამუხტად პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ, მხარეებმა კი დიალოგი დაიწყონ. ამის შესახებ ფერმერმა გადაცემა “საქმის კურსში” სტუმრობისას განაცხადა.
“წკიპზე ვართ და ბევრი რამეა დასათმობი. პირველი რიგში, ემოციები, რათა ადამიანები დასხდნენ. ჩემთვის მთავარია, ყველა შეთანხმდეს, როგორ ვიქცევით, ახალ არჩევნებს ვნიშნავთ, ახალ პრეზიდენტს ვირჩევთ თუ სხვა რამეს, ოღონდ ერთმანეთთან ასე უსაშველოდ დაპისრისპირების გარეშე. ამის გულისთვის ყველამ უნდა დათმოს”, – განაცხადა ბექა გონაშვილმა “საქმის კურსის” ეთერში.
კითხვაზე, რა უნდა დათმოს ხალხმა, რომელიც “ქართული ოცნებისგან” ახალ არჩევნებს ითხოვს, გონაშვილმა განაცხადა:
“ახალ არჩევნებთან დაკავშირებით, ვერ ამოვიკითხე, რა კონკრეტული მოქმედებები არსებობს, ახლა არჩევნები რა სისტემით უნდა ჩატარდეს? თუ ვიძახით იმას, რომ საერთაშორისო საარჩევნო კომისიით უნდა ჩატარდეს, ასეთი კონსტიტუციაში არ გვიწერია.
როცა ადამიანს პირდაპირ მოღალატეს ეძახი, მასთან ემოციურად ძალიან რთულია საუბარი. შენ თუ რაღაც საკითხის გადაწყვეტა გინდა, ჩემი აზრით, პირველ რიგში, უნდა ისაუბრო. როცა საუბარი გინდა რომ წამოიწყო, დედის გინებით ლაპარაკს ვერ დაიწყებ.