ადვოკატის თქმით, რესტორან ბაბილოსთან დაკავებულმა დანიელ ბულკაშვილმა შიმშილობა დაიწყო

რესტორან ბაბილოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთაგან ერთ-ერთმა დანიელ ბულკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ განაცხადა.
ადვოკატმა ასევე თქვა, რომ დანიელ ბულკაშვილმა დაკავებისას დაზიანება მიიღო. კერძოდ, დაკავებისას მას რამდენჯერმე ჩაარტყა ნიღბიანმა პირმა.
“დანიელ ბულკაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებისას მიიღო დაზიანება. რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო და პროტესტის ნიშნად მიმართა შიმშილობას. რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი განცხადებით, მის მიმართ რაიმე გადამეტებას ადგილი არ ჰქონია პოლიციის მხრიდან. დაკავებულები არიან, როგორც მითხრეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით, რაც ნიშნავს წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მუხლები რასაც ედავებიან, მე მათ ვკითხე, რაიმე მოწოდება, გაფრთხილება იყო თუ არა პოლიციის მხრიდან, რომ რაღაც ემოქმედათ, პოლიციის მხრიდან არ ყოფილა. პირდაპირ მოხდა მათი დაკავება და დაკავება მოხდა, როდესაც ფაქტობრივად დაიმარტოხელეს”, – თქვა ადვოკატმა.
12 იანვარს მოსამართლეები რესტორან ბაბილოში შეიკრიბნენ. ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. საღამოს, როდესაც მოსამართლეებმა ტერიტორიის დატოვება დაიწყეს, ადგილზე ვითარება დაიძაბა. მოსამართლეები რესტორანს დიდი რაოდენობით პოლიციის მობილიზების ფონზე ტოვებდნენ. ადგილზე პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა.