დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი – „საქართველოს კაპიტალის“ განცხადება

„დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც -ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა შესაძლოა განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას”, – ნათქვამია „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ფონდის დირექტორთა საბჭოს განცხადება უკავშირდება “რადიო თავისუფლებას” მიერ გასული კვირის ბოლოს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც აშშ-ის კონგრესის წევრებმა აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას გაუგზავნეს წერილი, რომელშიც მოცემული იყო ოცდახუთი სხვადასხვა პირისგან შემდგარი სია. აღნიშნულ პირებს შორის იყო „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური. საქართველოს კაპიტალის დირექტორთა საბჭოს განცხადებით, ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ოფიციალურ პირებთან აქტიურად მუშაობენ.
“წერილი შეიცავდა მოწოდებას ამ სიაში შემავალი პირების მიმართ გარკვეული ქმედებების განხორციელებისკენ, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით.
დირექტორთა საბჭოს არ გააჩნია ინფორმაცია ზემოაღნიშნული სიის წარმომავლობასთან დაკავშირებით. თუმცა დირექტორთა საბჭო აქტიურად მუშაობს აშშ-ის ოფიციალურ პირებთან გარემოებების გარკვევის მიზნით. „საქართველოს კაპიტალი“ არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული საჯარო კომპანია და მის ძირითად აქციონერებს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ინსტიტუციონალური ინვესტორები წარმოადგენენ. ირაკლი გილაურის ხელმძღვანელობით კომპანია იმართება კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა პირთა საკმაოდ ფართო წრის მიმართ და შესაბამისად, ჩვენი კომპანიის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ჩაურევლობას.
დირექტორთა საბჭოს გააჩნია სრული ნდობა ირაკლი გილაურისადმი და არ ეთანხმება არანაირ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის მთავრობა, შესაძლოა, განიხილავდეს მის წინააღმდეგ რაიმე მოქმედების განხორციელებას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და განხილვის შედეგად, ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო გაიზიარებს ჩვენს შეხედულებას.
„საქართველოს კაპიტალი“ აგრძელებს კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტებით მოქმედებას და მიმართავს ყველა საჭირო ზომას კომპანიისა და ირაკლი გილაურის მიმართ დაუსაბუთებელ ბრალდებებზე საპასუხოდ.
ინფორმაციისთვის: „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები – David Morrison, Massimo Gesua’ sive Salvadori, Maria Chatti-Gautier and Neil Janin. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.
სს საქართველოს კაპიტალის შესახებ: სს საქართველოს კაპიტალი წარმოადგენს დიდ ბრიტანეთში საფონდო ბირჟაზე განთავსებულ Georgia Capital PLC-ის (Ticker: CGEO) 100%-იანი შვილობილ კომპანიას. GCAP ახორციელებს ინვესტიციებს საქართველოში ქართული ეკონომიკის მზარდ და განვითარებად სექტორებში. საქართველოს კაპიტალის დივერსიფიცირებული პორტფელი აერთიანებს: საბანკო, წყალმომარაგების, ჯანდაცვის, საცალო ვაჭრობის (ფარმაციის), განახლებადი ენერგიის, სადაზღვევო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორებში არსებულ წამყვან ბიზნესებს”, – ნათქვამია განცხადებაში.