IT კომპანიების ნაწილმა საქართველო დატოვა და ცდილობენ სხვა საშეღავათო რეჟიმები იპოვონ, მაგალითად სლოვაკეთსა და სომხეთში – შორენა კოპალეიშვილი

„საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარის შორენა კოპალეიშვილის შეფასებით, 2024 წელი IT სფეროსთვის უარყოფითი იყო. წლების განმავლობაში შექმნილი ტენდენცია, რომ საქართველო რეგიონის ჰაბი გამხდარიყო, ნელ-ნელა ქრება, რადგან უცხოური კომპანიები ქვეყანაში არა თუ შემოდიან, არამედ არსებულის შენარჩუნებაც ჭირს. როგორც კოპალეიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, ამის მთავარი მიზეზი არასტაბილური ბიზნესგარემოა.
„საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაცია IT-ის შიდასექტორული ინდუსტრიაა, რომელიც ძირითადად მცირე და საშუალო საერთაშორისო კომპანიების სეგმენტითაა წარმოდგენილი. იმასთან შედარებით თუ რა ბუმიც ჰქონდა ამ სექტორს და თუნდაც 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, სამწუხაროდ, 2024 წელს ზრდა შემცირებულია, როგორც დაინტერესების თვალსაზრისით, ასევე ფიქსირდება უკვე არსებული კომპანიების საქართველოდან გასვლის ტენდენცია. ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებთან სხვა წინაპირობებიც გვქონდა, რადგან ისინი დაახლოებით 2-წლიან დავაში იყვნენ საგადასახადო ორგანოებთან, თუმცა დადებითი დინამიკის შენარჩუნება მაინც მოვახერხეთ. ამ არასტაბილურმა გარემომ და პოლიტიკურ-ეკონომიკურმა რყევებმა თავისი გავლენა იქონია. ზოგადად IT სექტორისთვის არსებობს რაღაც პარამეტრები, რისკენაც ეს ბიზნესი ისწრაფვის. ასევე, არსებობს კონკრეტული საჭიროებები, რის დაკმაყოფილებაც საჭიროა.
საქართველო წლების წინ, ამ მიმართულებით პოზიციონირებდა, როგორც რეგიონის ლიდერი. ეს რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მიერ დაწესებული საშეღავათო რეჟიმებია, რომლებიც როგორც ვირტუალური ზონის, ისე საერთაშორისო IT კომპანიებს ეხება. ამის გამო, საქართველოს იურისდიქციაში შემოსვლით ძალიან ბევრი წარმატებული ან დამწყები IT კომპანია დაინტერესდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ოპერირება იყოს სტაბილური, განჭვრეტადი, პროგნოზირებადი. ამ პარამეტრების ერთობლიობა რაღაც პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ფიქსირდებოდა, რაც ფინანსური რესურსების მოზიდვას განაპირობებდა“,- აღნიშნა შორენა კოპალეიშვილმა.
IT-ის შიდასექტორული ინდუსტრიაში ხაზგასმით ამბობენ, რომ მიუხედავად საშეღავათო პირობების შენარჩუნებისა, მთავარი მაინც ბიზნეს-ეკონომიკური გარემოა. საქართველოდან გასული IT სფეროს წარმომადგენლების ნაწილი მეზობელ სომხეთში დამკვიდრდა.
„საშეღავათო რეჟიმი საქართველოში რჩება და არ შეცვლილა, თუმცა რეალურად, ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ IT სფეროს განვითარება შეაფერხა. კომპანიები ცდილობენ იპოვონ სხვა საშეღავათო რეჟიმები. ჩვენი რანდენიმე წევრი კომპანია გავიდა საქართველოდან სლოვაკეთში, ასევე სომხეთშიც, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან გააქტიურებულია, აქტიურად მუშაობენ კანონმდებლობის შეცვლაზე და გაუმჯობესებაზე.
ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მხოლოდ შეღავათებით და საგადასახადო პრეფერენციებით კომპანიებს ვერ მოვიზიდავთ, ვერც არსებულს შევინარჩუნებთ“,- აღნიშნა „საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შორენა კოპალეიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.