“წელს შეიძლება ითქვას, რომ ბაკურიანმა თავისი სიტყვა თქვა” – Unix Hotels Georgia ბაკურიანში ზამთრის სეზონს აფასებს

Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი, ირაკლი გოგუაძე BM.GE-სთან ზამთრის სეზონის შეფასებისას აცხადებს, რომ ბაკურიანმა წელს თავისი სიტყვა თქვა და საახალწლო პერიოდში 100%-იანი დატვირთვა ჰქონდა.
მისივე თქმით, წინა სეზონებთან შედარებით, დატვირთვის ფონზე შემოსავალიც მეტი იყო. თუმცა, გოგუაძე დასძენს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ჯავშნები და მოთხოვნა შედარებით შემცირებულია.
„წელს შეიძლება ითქვას, რომ ბაკურიანმა თავისი სიტყვა თქვა. ნამდვილად მაღალი მოთხოვნა იყო და შემიძლია ვთქვათ, რომ ახალი წლის პერიოდში ნამდვილად 100%-იანი დატვირთვა გვქონდა. ყველაფერი იყო მუშა მდგომარეობაში. არაფერი არ გაჩერებულა.
წინა სეზონებთან შედარებით დატვირთვის ფონზე შემოსავალიც მეტი იყო. თუმცა, ბოლო დღეებში მოთხოვნა შემცირდა. ამის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ როგორც ახალ წელს იყო, ისე გაგრძელდება დატვირთვა და ამ ერთ სეზონს, ბოლო სამ წელიწადში ერთხელ მაინც ბოლომდე ჩავამთავრებთ შემოსავლიანად“, – თქვა ირაკლი გოგუაძემ და აღნიშნა, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე, რიგები იყო ყველა კვების ობიექტთან, მათ შორის სასტუმროებთანაც.
მისი თქმით, დამსვენებლების დიდი ნაწილი ქართველი იყო. უცხოეთიდან კურორტს ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ნაკლებად იყვნენ ევროპელები.
“რაც შეეხება სტუმრებს, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ წელს სრულად ბაკურიანში დაისვენა. ქართველი მოსახლეობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იყო, დაახლოებით 60%-მდე. დანარჩენი როგორც ყოველთვის სომხები, აზერბაიჯანელები. ნაკლებად გვსტუმრობდნენ ევროპიდან.
რიგები იყო რესტორნებთან, სასტუმროებთან, სასტუმროს ნომრებზე. ადამიანები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ, – “ერთი ღამე ჰოლში გავათენებთ და დილით თუ გაგითავისუფლდებათ შეგვიშვით”. მსგავსი სიტუაცია ზღვისპირეთში მინახავს, სადაც ადამიანები განთავსების ობიექტს ადგილზე ეძებენ. ბაკურიანში ასეთი პრაქტიკა არასოდეს ყოფილა. ბაკურიანში ყოველთვის წინასწარი ჯავშნებით ხდებოდა ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტის შემოყვანა. მაგრამ წელს იყო მდგომარეობა, როდესაც საცხოვრებელს ეზო-ეზო ეძებდნენ. საოჯახო სასტუმროების ოთახებიც კი აღარ იყო დარჩენილი“, – ამბობს Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელი.
ირაკლი გოგუაძის ინფორმაციით, სახელმწიფო და სხვა სტრუქტურები ამხელა ნაკადის მისაღებად მზად არ იყო: “ვთვლი, რომ 100%-ზე უნდა იყოს გათვლილი და ეს პრობლემას არ უნდა გვიქმნიდეს მუშაობაში”