ბოლო ათი წლის განმავლობაში დაიწყო მოთხოვნა იდეოლოგიურ ცენზურასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ორი მთავარი მოვლენაა, რამაც გამოიწვია ეს – 2016 წელს პრეზიდენტ ტრამპის არჩევა, რომელიც ასევე დაემთხვა „ბრექსიტს“ და ევროკავშირის ერთგვარ დანაწევრებას, 2020 წელს კი ეს იყო კოვიდი, – ამის შესახებ კომპანია „მეტას“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.
ცუკერბერმა იდეოლოგიურ ცენზურასთან დაკავშირებით ჯო როგანთან პოდკასტში ისაუბრა.
„ეს ორი მოვლენა იყო. მაშინ ჩვენ პირველად დავდექით ამ მასშტაბური ინსტიტუციონალური ზეწოლის წინაშე, რომ ცენზურა დაგვეწესებინა კონტენტზე იდეოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა მარკ ცუკერბერგმა.
მარკ ცუკერბერგის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ყველაზე ექსტრემალური“ გარკვეული პოსტების ცენზურის თაობაზე მაშინ გახდა, „როდესაც ისინი ცდილობდნენ ვაქცინის პროგრამის გაშვებას“.
„მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ პროგრამის დანერგვას ცდილობდნენ, ისინი ასევე ცენზურას ახორციელებდნენ ყველას მიმართ, ვინც ძირითადად ამტკიცებდა ამ პროგრამის საწინააღმდეგოს. ისინი ძალიან ძლიერად გვაიძულებდნენ, ჩამოგვეშორებინა ფეისბუქიდან ის, რაც გულწრფელად იყო სიმართლე“, – განაცხადა ფეისბუქის დამფუძნებელმა.
როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, „მეტას“ პლატფორმაზე გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნება რთული იყო, რადგან ბაიდენის ადმინისტრაცია კოვიდ პანდემიის ფონზე ზეწოლას ახორციელებდა.
„მეტას“ დამფუძნებლის განცხადებით, ვაქცინის პროგრამის გაშვების დროს, ბაიდენის ადმინისტრაცია მოითხოვდა ცენზურის დაწესებას ისეთ პოსტებზე, რომლებშიც კოვიდ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე იყო საუბარი.
ცუკერბერგმა პოდკასტში ასევე ისაუბრა სამთავრობო ცენზურაზე. მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციიდან წარმომადგენლები რეკავდნენ „მეტას“ გუნდთან, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. მისი თქმით, ეს დეტალები აღნიშნული და გამოქვეყნებულია კონგრესის მიერ ჩატარებული გამოძიების დოკუმენტებში. ცუკერბერგის თქმით, კონფლიქტი მის კომპანიასა და მთავრობას შორის მივიდა იმ წერტილამდე, სადაც, მათ თქვეს, რომ ისინი არ წაშლიდნენ იმას, რაც სიმართლეა.