ერგნეთში გინტურის მკვლელების ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხი დაისვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართული რიგით 116-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე.
„ჩვენი მოთხოვნა გახლავთ მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება, რომლის ყველაზე ლოგიკური გზა არის მათი ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა. ასევე ვისაუბრეთ თამაზ გინტურის მკვლელობის დეტალებზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ, რომლის სიტყვებითაც, „სამწუხაროდ, ს ფედერაციის პოზიცია იყო უკიდურესად დესტრუქციული“.
„ისინი შეეცადნენ წარმოეჩინათ მკვლელობის ეს ბარბაროსული აქტი ე.წ. მესაზღვრეების მართლზომიერ ქმედებად. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, რომ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის მიმართ ჩვენ ვიქნებით შეურიგებლები და ყოველთვის ვიბრძოლებთ და ყველა არსებულ ფორმატში გამოყენებული იქნება ყველა შესაძლებლობა მკვლელების მიმართ მოხდეს სამართლის აღსრულება“, – თქვა ირაკლი ანთაძემ.
მან აღნიშნა, რომ გამოძიების პრეროგატივაა მკვლელების იდენტიფიცირება, ამასთან განაცხადა, რომ “ოქროს მოწმემ”, ლევან დოთიაშვილმა, ვერ შეძლო მკვლელების ამოცნობა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა ასევე ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 5 მოქალაქის საკითხზეც და თქვა, რომ მათ შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით “არანაირი კონკრეტული დაპირება არ გაჟღერებულა”. ქართული მხარის მოთხოვნა იყო მათი ოჯახებში დაბრუნება.
თავის მხრივ, ოსურმა მხარემ, ირაკლი ანთაძის თქმით, დააყენა “დაუსაბუთებელი პრეტენზიები ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტულ პოსტთან დაკავშირებით, რასაც გაეცა პასუხი და დასაბუთდა მათი უსაფუძვლობა”.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა, 6 ნოემბერს კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ადგილობრივი თამაზ გინტური მოკლა.
კირბალის ლომისის ეკლესია, რომლის სიახლოვესაც თამაზ გინტური მოკლეს, ოკუპირებულად 2018 წელს გამოაცხადეს. საოკუპაციო ხაზს, რომელსაც ცხინვალი საზღვარს უწოდებს, რუსეთის “ეფესბე” დარაჯობს.
58 წლის თამაზ გინტური, რომელიც ეკლესიაში თანასოფლელებთან ერთად იყო ასული, 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, გაიტაცეს მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი, რომლის გათავისუფლებაც სამ დღეში მოხერხდა.
საქართველოს შინაგან სამინისტროს თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, -ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ